საბიუჯეტო დაფინანსების აღება არჩევნების შედეგების ირიბი ლეგიტიმაციაა – ჯაფარიძე

გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, პარლამენტის ბოიკოტირება და საბიუჯეტო დაფინანსების აღება ერთმანეთთან შეუთავსებელია.

მისი შეფასებით, ეს არჩევნების შედეგების ირიბი ლეგიტიმაციაა. ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ბოიკოტი ყველაფერზე უარის თქმას ნიშნავს.

“გამოვა კოლექტიური კობახიძე, იტყვის, ოპოზიციამ ამ ნაბიჯით არჩევნების ლეგიტიმურობა სცნოო და მართალი იქნება. ბოიკოტი ნიშნავს ყველაფერზე უარის თქმას და ოცნების ეულად დატოვებას. მათ შორის, არა მხოლოდ საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარს, არამედ ყველა არჩევითი ორგანოდან საკუთარი წევრების გამოყვანას. პარლამენტში არ შევდივარ, მაგრამ ჩხოროწყუს საკრებულოში ვმუშაობ, მინიმუმ სასაცილოა.

მესმის რომ პარტიები ამ დაფინანსებაზე სხედან წლებია და არასოდეს უცდიათ დაფინანსების მობილიზება საკუთარი მხარდამჭერებისგან, მაგრამ ოდესმე უნდა დაიწყონ სწორად პილიტიკის კეთება. ახლა ჰქონდათ შანსი და ოცნების სასარგებლოდ გაისროლეს”,– წერს ჯაფარიძე ფეისბუქის გვერდზე.

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები 14 პარტია გახდა, მათგან 9–მ ცესკოს დაფინანსების მისაღებად მიმართა, ხოლო დაფინანსება არ მოითხოვა გირჩმა, ლელომ, პატრიოტთა ალიანსმა, მოქალაქეებმა და ლეიბორისტულმა პარტიამ.

გირჩს არჩევნებამდეც გაცხადებული პოზიცია ჰქონდა, რომ დაფინანსების მიღებას არ აპირებდა.