საბოტაჟს და ექსტრემიზმს კანონმდებლობა უნდა დაუპირისპირდეს – კობახიძე

“ქართული ოცნების” პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა და განმარტა, რომ არიან “ექსტრემისტული ძალები”, რომლებიც არ აღიარებენ “საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე”, მიღებული ცვლილებები კი მათ დაუპირისპირდება.

“ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური წყობილება, კონსტიტუციური წესრიგი, რომელიც უნდა იყოს განსაკუთრებით დაცული, ამას უზრუნველყოფს კონსტიტუცია და ეს დამატებით უნდა უზრუნველყოს კანონმდებლობამ, თუ კონკრეტული პირების ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში უნდა იმოქმედოს კანონმდებლობამ.
თქვენ იცით, რომ არის 5 კონკრეტული ქვეყანა, რომელიც საქართველოს იურისდიქციას, საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას, არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე, ასეთია 5 ქვეყანა, რუსეთი და პლიუს 4 ქვეყანა.

ქვეყნის შიგნით არიან ძალები, რომლებიც დანარჩენ 80%-ზე არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას, ჩვენთვის ერთნაირი პრობლემაა ისიც და ისიც. ერთია საერთაშორისო სუბიექტები, რომლებიც არ აღიარებენ ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე საქართველოს იურისდიქციას და მეორეა – ქვეყნის შიგნით ძალები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის 100%-ზე არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას.

ერთ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ოკუპაციის შესახებ კანონი, რომელიც უპირისპირდება პირველ პრობლემას, ახლა მიიღება ახალი კანონი, ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც დაუპირისპირდება მეორე პრობლემას. კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ საბოტაჟი და ექსტრემიზმი, ეს არის ის, რასაც კანონმდებლობა უნდა დაუპირისპირდეს.” – თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.