საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილი 3000-ლარიანი ჯარიმა სასამართლომ 7 მოქალაქეს გაუუქმა

გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, დისტანციის დაუცველობის გამო გამოწერილი 3000–ლარიანი ჯარიმა 7 მოქალაქეს გაუუქმდა.

მოსამართლემ ადამიანის უფლებათა ცენტრის ადმინისტრაციული საჩივარი დააკმაყოფილა.

“2020 წლის 21 აპრილს ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისს მომართეს გორში მცხოვრებმა მოქალაქეებმა: თამაზ მახარაძემ, იოსებ ხაბალაშვილმა, ხვიჩა საბაშვილმა, ედუარდ ფაილევანიანმა, თამაზ ავეტისოვმა, უშანგი საბაშვილმა და მიხეილ ფიდიურმა. მათი განცხადებით, მიმდინარე წლის 17 აპრილს ისინი დააჯარიმეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დისტანციის დაუცველობის გამო. ჯარიმას ისინი მიიჩნევდნენ უკანონოდ, რადგან არ იმყოფებოდენენ ერთად, 3 ადამიანი იდგა ცალკე 2-მეტრიანი დისტანციის დაცვით, მათგან 40-50 მეტრის დაშორებით იდგა კიდევ სამი ადამიანი 2-მეტრიანი დისტანციის დაცვით, ხოლო ერთი მათგანი იდგა საერთოდ ცალკე. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მიიჩნიეს, რომ ისინი იმყოფებოდნენ ერთად და გამოწერეს შვიდი 3000-ლარიანი საჯარიმო ქვითარი” – აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრი.

საგანგებო მდგომარეობის დროს სოციალური დისტანციის დაცვის, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისა და 3-ზე მეტი პირის შეკრებისთვის 3 000-ლარიანი ჯარიმა იყო გათვალისწინებული.