საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვები წლის ბოლომდე გახანგრძლივდა

79 ხმა 1–ის წინააღმდეგ – პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვები წლის ბოლომდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.

“ქართული ოცნების” უმრავლესობა ფიქრობს, რომ შეზღუდვების გახანგრძლივება კორონავირუსისი გავრცელების პრევენციისთვისაა საჭირო. ოპოზიცია კანონს აკრიტიკებს და აცხადებს რომ ის ანტიკონსტიტუციურია.

“წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია, რომ 2020 წლის 15 ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად მყისიერი და ეფექტიანი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას და პროცესების სწორად წარმართვას უზრუნველყოფს. სწორედ ამ მიზნით არის წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც პანდემიით გამოწვეული, ქვეყანაში არსებული მწვავე პრობლემის დაძლევის აუცილებელი საშუალებაა”,– წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

შეგახსენებთ, რომ 23 მაისიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა დასრულდა და გაუქმდა ე.წ. კომენდანტის საათი. პარლამენტმა საპარლამენტო ზედამხედველობის გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლება მთავრობას მაისში მიანიჭა.

მთავრობას მიეცა დროებითი უფლება, შეზღუდოს: საჯარო დაწესებულებების საქმიანობის უფლება, პირთა მიმოსვლის (გადაადგილების) უფლება, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრა.

გარდა ამისა, კანონში ჩაიწერა, რომ ამ უფლებების შეზღუდვა უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციით დაცული სიკეთეების მიღწევისკენ მიმართული, კანონით გათვალისწინებული, დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებელი, არადისკრიმინაციული, პროპორციულად შემზღუდველი და ისეთი, რომ შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს.