საგარეჯოში ადგილობრივებმა კონცერტის ჩაშლა სცადეს – ნაცემია 2 პოლიციელი

საგარეჯოში შობის ღამეს პოლიციასა და ადგილობრივებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ნაცემია ორი პოლიციელი. შსს-მ ორი პირი დააკავა.

ადგილობრივები ავღანეთში მებრძოლი ჯარისკაცის დაკრძალვის მეორე დღეს ქალაქში საახალწლო ღონისძიების გამართვას აპროტესტებდნენ. ისინი სცენაზე ავიდნენ და კონცერტის ჩაშლა სცადეს, რა დროსაც მათსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ პოლიციელს თავში ბოთლი ჩაარტყეს.

“საქართველოს სადარაჯოზე ომარ ხუბულური იდგა, სამჯერ ავღანეთში მყოფი, გარდაიცვალა ტრაგიკულად და დღეს აქ კონცერტი გამართეთ. მთავრობას ეს არ უნდა გაეკეთებინა, ეს ნაძვის ხეც უნდა მოეშალა”,  – თქვა მამაკაცმა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.