საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა 1 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა

საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა, რომელიც 1 სექტემბერს უნდა მოხსნილიყო 30 სექტემბრის ჩათვლით გახანგრძლივდა. ნოტამი (ინფორმაცია საავიაციო საწარმოებისა და პერსონალისთვის) ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გამოაქვეყნა:

„საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით (30.09.20). შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის:

მიუნხენი (ICAO-ს კოდი EDDM);
პარიზი (ICAO-ს კოდი LFPG);
რიგა (ICAO-ს კოდი EVRA).

NOTAM-ი (Notice to Airmen) კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შესახებ (ნოტამით გათვალისწინებული შეზღუდვა გაგრძელდა 17.08.20-დან):“

NOTAM-ი არის საერთაშორისო საავიაციო არხების საშუალებით გავრცელებული შეტყობინება ოპერირების, მომსახურების, წესების, საფრთხის, ასევე სანავიგაციო საშუალებების მდგომარეობის, ცვლილებებისა და მწყობრში შეყვანის შესახებ, რომლის დროული ცოდნა მნიშვნელოვანია ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებული პერსონალისთვის.

ხელისუფლებას ჯერჯერობით ფრენების აღდგენის გადავადებასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.