საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ უსინდისო ადამიანებზე დაყრდნობა არ შეიძლება – ბოკერია ელისაშვილზე

“საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ უსინდისო ადამიანებზე დაყრდნობა არ შეიძლება – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ალეკო ელისაშვილზე.

„ალეკო ელისაშვილი კოორდინირების იდეას უბინძურესი ბრალდებებით და უბინძურესი ლექსიკონით დაუპირისპირდა მაშინ, როდესაც იქამდე მოლაპარაკებებში ჩემთან ერთად დავით ბაქრაძე იყო და ორ ადგილს ითხოვდა. ითხოვდა, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიას მთაწმინდაზე იოსელიანი დაეყენებინა. როცა ვკითხეთ, რომ იოსელიანმა ხუთჯერ ნაკლები ხმა აიღო, ვიდრე შავგულიძემ, ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ. მერე გამოვიდა და თქვა, რომ ამ ვაჭრობაში მონაწილეობას არ მივიღებო. თუ ამას ვაჭრობას ეძახის, მაშინ ის რას გვევაჭრებოდა ? უწესობა და უსინდისობა ცუდი საქციელია და მერე კამპანიის დაწყება ამ იდეის წინააღმდეგ, რასაც კოორდინირება ჰქვია, ეს ივანიშვილის დახმარებაა. თქმა, რომ კოალიციაში არავისთან შევალ, პრაქტიკულად პირდაპირ თქმაა, რომ ივანიშვილს შეუქმნი კოალიციას, აბა მაშინ მთავრობის გარეშე იყოს ქვეყანა თუ როგორაა მაგის საქმე ? ვიმეორებ კიდევ ერთხელ, რომ მას ვთავაზობდით თვითონ დამდგარიყო. ძლიერი კანდიდატების დაყენება გვინდა, რომ პირველ ტურში ივანიშვილი დამარცხდეს, ქვეყანას რისკები ავაცილოთ და თან მრავალფეროვნება იყოს. მაგრამ, როცა ასეთი უსინდისო ხარ, რომ თან მოლაპარაკებებში შედიხარ და თუ ვერ მიიღე, რაც გინდა, მერე გამოხვალ, დაგმობ ამას, როგორც ვაჭრობას და ერთ-ერთ ყველაზე წესიერ კაცს ქართულ პოლიტიკაში, შალვა შავგულიძეს, სამიზნედ ამოიღებ და იძახი, რომ „მაგან ხომ წააგოო“, ეგ რა ტექსტია ? ყველას წაგებული აქვს, მაგასაც წაგებული აქვს არჩევნები და რატომ გვთავაზობდა ექვსჯერ ნაკლები ხმის მქონე კანდიდატს მთაწმინდაზე? მოკლედ, უსინდისო ადამიანია და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ უსინდისო ადამიანებზე დაყრდნობა არ შეიძლება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.