საზოგადოებრივი მაუწყებელი იუმორისტული სკეტჩის გამო ფორმულას მარეგულირებელ კომისიაში უჩივის

საზოგადოებრივი მაუწყებელი ტელეკომპანია ფორმულას იუმორისტულ გადაცემა “ფსკერს” კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში უჩივის. საჩივრის მიზეზი გადაცემა ფსკერის საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ მომზადებული იუმორისტულ-სატირული სკეტჩია.

ფსკერის მსახიობები საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანებსა და ჟურნალისტებს განასახარიებენ და ბიუჯეტიდან პირველი არხისთვისა და სხადასხვა უწყებისთვის გაცემულ დაფინანსებას წყალში გადაყრას ადარებენ. ოთხი ადამიანი, რომლებსაც მაისურებზე აწერიათ საპენსიო ფონდი, ჯანდაცვის სამინისტრო, საქართველოს რკინიგზა და სპორტისა და კულტურის სამინისტრო, თბილისის ზღვაზე აწყობენ “საჩვენებელ ფულის ყრას”

“მიგვაჩნია, რომ იუმორისტულ სკეტჩად შეფუთული პირველი არხის გადაცემის “ახალი დღე” უნიჭო იმიტაცია, განზრახ მიმართული იყო მაყურებლის შეცდომაში შეყვანაზე, რადგან პირველი არხის სახელით და “არაიუმორისტული” ფორმით, გადაცემა “ფსკერის” სახელით გავრცელდა პოლიტიკური კონტექსტის მქონე კონტენტი. ნდობა — ეს არის ერთ-ერთი ღირებულება, რასაც ეფუძნება საზოგადოებრივი მაუწყებელი. სწორედ ამიტომ, კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია პირველი არხის სახელით ეთერში, თუნდაც “იუმორის” სახით შეფუთული კონტენტის მომზადება და ეთერში გაშვება”, — წერია საზოგადოებრივი მაუწყებლის საჩივარში.

სკეტჩში საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის ეთერის ბრენდირებაა გამოყენებული, სწორედ ამ საფუძვლით დაობს პირველი არხი მარეგულირებელში შეტანილ საჩივარში.

გადაცემა ფსკერის ავტორისა და წამყვანის, ნიკა ქავთარაძის შეფასებით, აღნიშნული საჩივარი გამოხატვის თავისუფლების შეზღვისკენ არის მიმართუმედი აქვს, რომ მარეგულირებელი კომისია საჩივარს იუმორით შეხედავს.

“ეს არის რეალურად მცდელობა იმისა, რომ რაღაც უცნაური შეფუთვით გამოხატვის თავისუფლება შეზღუდონ. ამაშია მთავარი პრობლემა იმიტომ, რომ კომედიაა. ეს არის აქ მთავარი, რომ ეს არის იუმორისტული გადაცემა და შესაბამისად, აქ არ არსებობს შეზღუდვა”, — აცხადებს ნიკა ქავთარაძე ფორმულას ეთერში.