საკონსტიტუციო სასამართლომ დაწესებული შეზღუდვების ნაწილი კონსტიტუციურად ცნო

2021 წლის 11 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელები „პაატა დიასამიძე, გიორგი ჩიტიძე, ედუარდ მარიკაშვილი და ლიკა საჯაია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“.

მოსარჩელე მხარე აცხადებდა, რომ სადავო ნორმების საფუძველზე ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტირებულ პირს ევალება თვითიზოლაციაში ყოფნა ან ხდება მისი საკარანტინო სივრცეში გადაყვანა. ისინი მიიჩნევდნენ, რომ პირის მოთავსება ჩაკეტილ სივრცეში, როდესაც მას არ ეძლევა ამ სივრცის დატოვებისა და სხვა ადამიანებთან ფიზიკური კონტაქტის საშუალება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლით დაცული ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვას.

ასევე, მოსარჩელეთა პოზიციით, გადაწყვეტილება კონტაქტირებული პირის განცალკევების შესახებ მიიღება არა სასამართლოს, არამედ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის მიერ, რაც არღვევს დასახელებული კონსტიტუციური დებულების ფორმალურ მოთხოვნას, პირის თავისუფლების შეზღუდვის პროცესში სასამართლოს სავალდებულო ჩართულობის შესახებ.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ინფიცირებულთან კონტაქტირებული პირის თვითიზოლაციასა თუ საკარანტინე სივრცეში გადაყვანით იზღუდება კონკრეტული სივრცის – საცხოვრებელი სახლისა თუ კარანტინში მოთავსების ადგილის დატოვება, შესაბამისად, სახეზეა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა. თუმცაღა, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პირის კონკრეტულ ადგილზე დაყოვნება მისი ნების საწინააღმდეგოდ, და მისთვის გადაადგილების შესაძლებლობის შეზღუდვა ავტომატურად არ ნიშნავს საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლით გარანტირებული ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვას.

საკონსტიტუციო განმარტავს, რომ კონტაქტირებული პირისათვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის მიზანს წარმოადგენს ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების რისკის შემცირება და ამ პირის მიმართ არ ხორციელდება სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისაკენ მიმართული კანონით დადგენილი ღონისძიებები.  შესაბამისად, კონტაქტირებულ პირს თვითიზოლაციაში/კარანტინში ყოფნისას არ გააჩნია რაიმე ისეთი სამართლებრივი სტატუსი, რაც აუცილებელს გახდიდა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო გარანტიების ამოქმედებას.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, კარანტინში/თვითიზოლაციაში მყოფ პირს შეუძლია ნებისმიერი მიზნით, შეუზღუდავად ისარგებლოს სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებითა და ინტერნეტით, დაკავდეს ნებისმიერი საქმიანობით და მისი ქცევა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან არ ექვემდებარება რაიმე ტიპის კონტროლს ან კორექციას, განსხვავებით დაკავებული ან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მყოფი პირებისაგან, ამიტომ პირის განცალკევება, რაც გულისხმობს მხოლოდ კონკრეტული ადგილის დატოვების აკრძალვას, წარმოადგენს არა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის (ფიზიკური თავისუფლების), არამედ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის (გადაადგილების თავისუფლების) შეზღუდვას”,– აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლო.

მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებდა, რომ სადავო ნორმებით საქართველოს მთავრობას მიენიჭა საკუთრების უფლების, გადაადგილებისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის აბსოლუტური უფლებამოსილება, საქართველოს პარლამენტმა კი ძირითად უფლებათა შეზღუდვის დელეგირებისას თავად არ განსაზღვრა უფლების შეზღუდვის შინაარსი, ფარგლები, მისი სახე და ინტენსივობა, რაც, ფაქტობრივად, უთანაბრდება საკანონმდებლო ორგანოს მიერ საკუთარი კონსტიტუციური კომპეტენციის განხორციელებაზე უარის თქმას. ამის გამო მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ სადავო ნორმები ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი უფლების შეზღუდვის ფორმალურ მოთხოვნებს.

“საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ნორმებით, აღმასრულებელ ხელისუფლებას მიენიჭა იზოლაციისა და კარანტინის წესების განსაზღვრის უფლება კონკრეტული მიზნებით – ვირუსის გავრცელების პრევენციისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისათვის. ამასთანავე, საკანონმდებლო აქტში განმარტებულია როგორც იზოლაციისა და საკარანტინე ღონისძიებების შინაარსი, ისე ჩამოთვლილია ის ძირითადი უფლებები, რომელთა შეზღუდვის უფლებაც ენიჭება აღმასრულებელ ხელისუფლებას.

გარდა ამისა, განსაზღვრულია სხვა დამატებითი პრინციპები, რომელთა დაცვაც უნდა მოხდეს დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისას, კერძოდ, შეზღუდვა უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლით დაცული სიკეთეების მიღწევისკენ მიმართული, დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი, არადისკრიმინაციული და პროპორციულად შემზღუდველი”,– წერია საკონსტიტუციოს განცხადებაში.

მათი განმარტებით, ამ დელეგირების ფარგლებში აღმასრულებელ ხელისუფლებას მიენიჭა არა პირთა გადაადგილებასთან, საკუთრების უფლებასა და შეკრების თავისუფლებასთან მიმართებით ყოველგვარი შეზღუდვის შემოღებისა და თავად ამ უფლებათა არსის განსაზღვრის უფლებამოსილება, არამედ განსაზღვრული მიზნების უზრუნველსაყოფად გარკვეული, დროებითი შეზღუდვების დადგენის კომპეტენცია.

საკონტიტუციოს გადაწყვეტილებით, დელეგირებული უფლებამოსილებათა არსის, მათი ინტენსივობის და დროებითი ხასიათის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, სადავო ნორმებით არ მომხდარა საქართველოს პარლამენტის მიერ ფუნდამენტური მნიშვნელობის საკანონმდებლო უფლებამოსილების გადაცემა აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის და ამ კუთხით, სადავო ნორმები არ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნებს.

მოსარჩელეები ყურადღებას ამახვილებდნენ კონსტიტუციის 26–ე მუხლის დარღვევაზეც, რადგან საქართველოს მთავრობას, ნაცვლად ორგანულ კანონისა, ორდინარული კანონის საფუძველზე გადაეცა შრომით უფლებებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ამა თუ იმ საკითხის ორგანული კანონით ან კანონით მოწესრიგებაზე მითითება, თავისთავად, არ გამორიცხავს პარლამენტის შესაძლებლობას, მოახდინოს საკითხის რეგულირების უფლებამოსილების დელეგირება სხვა ორგანოზე, თუმცა, ეს უნდა განხორციელდეს უშუალოდ ანალოგიური ლეგიტიმაციის მქონე საკანონმდებლო აქტით, ამ შემთხვევაში კი, ორგანული კანონით.

საკონსტიტუციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია, რომლის თანახმადაც, „საქართველოს შრომის კოდექსი“ მიუთითებდა შრომითი უფლებების სპეციალური კანონმდებლობით – ამ შემთხვევაში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგების შესაძლებლობაზე და ამ მხრივ, უფლებამოსილების დელეგირება ორგანული კანონის საფუძველზე განხორციელდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, ასეთი მოწესრიგება ფაქტობრივად ნიშნავს უფლებამოსილების საკუთარ თავზე დელეგირებას, რაც შეუთავსებელია როგორც უფლებამოსილების დელეგირების ზოგად ფუნქციასა და მიზნებთან, ისე შესაბამისი კონკრეტული საკითხის ორგანული კანონმდებლობით მოწესრიგების კონსტიტუციურ ლოგიკასთან. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შრომითი უფლებების მოწესრიგების უფლებამოსილების დელეგირება აღმასრულებელ ხელისუფლებაზე არ განხორციელებულა სათანადო ფორმით, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში დაერთვება მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი.