საკონსტიტუციო ცვლილებების ხვალინდელ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ – გოცირიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, ენმ ხვალინდელ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან უნდა შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება და გიორგი რურუა გათავისუფლდეს, რაც ნაკლებად კონფრონტაციული არჩევნების ჩატარების ფაქტორი შეიძლება გახდეს.

„ხვალ 11:00 საათზე არის გიორგი რურუას წინააღმდეგ შეთითხნილი საქმის განხილვა სასამართლოში, იქნებ გონება გაუნათდეს ქვეყნის არაფორმალურ მმართველს და როგორც წინა შემთხვევებშიც, ახლაც უკარნახოს მოსამართლეს როგორ უნდა მოიქცეს, მაინც მოუწევს ხვალ თუ არა მომდევნო პერიოდში. საკონსტიტუციო ცვლილებების ხვალინდელ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ. უნდა შესრულდეს შეთანხმება სრულად, როგორც ამისკენ მოუწოდებენ ჩვენი საერთაშორისო მეგობრები და როგორც ეს სურს საქართველოში არსებულ ფაქტობრივად ყველა ოპოზიციურ პარტიას.

საერთო კონსესუსით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები შეიძლება გახდეს ქვეყანაში ნაკლებად კონფრონტაციული არჩევნების ჩატარების ფაქტორი. თუ ხელისუფლება აპირებს საარჩევნო პროცესში პოლიტპატიმრის ყოლით შესვლას, ეს იმას ნიშნავს, რომ სავსებით შესაძლებელია, კვლავ განახლდეს პილიტიკური დევნა, კვლავ გამოყენებული იქნას მოსყიდვის, დაშინების, ძალადობის მეთოდები. ასეთ პირობებში ჩატარებულ არჩევნებს არავინ აღიარებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად არც შინ და არც გარეთ”, – ამბობს გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ ხვალ საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით განიხილავს და კენჭს უყრის. პარტია ევროპული საქართველოს და ენმ–ს პოზიციაა, რომ სანამ 8 მარტის შეთანხმება სრულად არ შესრულდება, კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.