სამადაშვილი: ბარამიძე ერთ დღეს ერთს ამბობს, მე-2 დღეს – მეორეს, იმის მიხედვით, სააკაშვილი რას ეტყვის

ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი, რომელმაც შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა, ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა თითქმის იგივე თქვა, რაც მან, თუმცა მასზე გაღიზიანდნენ, ექსპრეზიდენტზე – არა.

მისივე თქმით, ენმ–ს წევრი გიორგი ბარამიძე პოზიციებს სააკაშვილის განცხადებების შესაბამისად იცვლის, თვითონ კი ეს არ ახასიათებს.

“ბარამიძე ერთ დღეს ერთს ამბობს და მეორე დღეს – მეორეს, იმის მიხედვით, სააკაშვილი რას ეტყვის. მე პოლიტიკოსების იმ რიცხვს არ მივეკუთვნები, ვინც იცვლის პოზიციას სხვისი პოზიციიდან გამომდინარე, მე მაქვს ჩემი პოზიცია და მათ შორის, საკმაოდ კატეგორიული. პირველად არ ხდება, რომ განსხვავებული აზრი მაქვს ნაციონალური მოძრაობისგან. საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ ან ნებისმიერი პარტიის შიგნით სხვადასხვა აზრი არსებობდეს”,– ამბობს ის პალიტრანიუსთან საუბრისას.

მისივე განცხადებით, ბოიკოტი პოლიტიკური ბრძოლის ისეთი ინსტრუმენტია, რომელმაც ამ შემთხვევაში იმუშავა, თუმცა მან თავისი თავი უკვე ამოწურა.