სამადაშვილი: ევროკავშირისთვის დასაყრდენ პარტნიორებად ხელმომწერები მოიაზრებიან

სალომე სამადაშვილი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრთან, გაბრიელიუს ლანდსბერგისთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ ევროკავშირი მნიშვნელოვან პარტნიორებად შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პირებსა და პარტიებს განიხილავს.

“მე ვერ ვიტყვი, რომ ვინმე ცდილობს, დაარწმუნოს ის პარტიები, ვინც ხელი არ მოაწერა შეთანხმებას, რომ მოაწერონ. ეს მათი არჩევანია. სწორედ ხაზგასმით რაც იყო ნათქვამი არის ის რომ ეს შეთანხმება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ევროკავშირისთვის, მიუხედავად იმისა, ამ შეთანხმებას კიდევ ვინმე ხელს მოაწერს თუ არა. ევროკავშირისთვის დასაყრდენ, მნიშვნელოვან პარტნიორებად მოიაზრებიან ის ხალხი, ის პარტიები, ვინც ხელი მოაწერა შეთანხმებას. მის შესრულებას მოთხოვენ აუცილებლად ორივე მხარეს, პირველ რიგში, ქართულ ოცნებას”,– ამბობს სამადაშვილი.

მისივე განცხადებით, “საკმარისი კაპიტალი დაიხარჯა ევროპის მხრიდან” იმ პარტიების დარწმუნებაში, ვისაც შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია, ამიტომ თუ არგუმენტები არ მიიღეს, ეს მათი არჩევანია.

ცნობისთვის, გაბრიელიუს ლანდბერგისი საქართველოში გუშინ, 28 აპრილს ჩამოვიდა. დღეს ის საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერმინისტრსა და პრეზიდენტს შეხვდა. ახლა კი შეხვედრას ოპოზიციასთან მართავს.