სამადაშვილი სააკაშვილზე: გააცნობიეროს, ალტერნატივა – ის ან ბიძინა, აღარაა რელევანტური

ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანი ოპოზიციური ამომრჩეველი ჰყავს, თუმცა მათი რაოდენობა არ იზრდება.

მისი თქმით, სწორი იქნებოდა, სააკაშვილს ხელი შეეწყო ოპოზიციისთვის იმით, რომ განსხვავებული ოპოზიციური პარტია არ გამოეცხადებინა ხელისუფლებასთან გარიგებულად.

სამადაშვილის აზრითვე, ქართულ პოლიტიკაში ორპოლუსიანობა რელევანტური აღარ არის, რაც საქართველოს მე–3 პრეზიდენტმა უნდა გააცნობიეროს.

“სააკაშვილმა რაც უნდა გააცნობიეროს არის, რომ ალტერნატივა – ან ის ან ბიძინა, ეს აღარ არის რელევანტური ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ორპოლუსიანობა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არ არის არც რელევანტური და არც იმას ეხმარება, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური რეჟიმი ქვეყანაში შეიცვალოს არჩევნების გზით, მათ შორის, რაც ჩემი აზრით, არის აუცილებელი.

ობიექტურად, რა რეალობასაც ვუყურებთ ჩვენ უკვე 9 წელია არის მარტივი – ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას სჭირდება მრავალპოლუსიანი პოლიტიკური სპექტრი და არა ორი სიმძიმის ცენტრი. ეს ნამდვილად ასეა და ამას აჩვენებს ყველა არჩევნების შედეგები“, – განაცხადა სამადაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.