სამადაშვილი: ქართული ოცნება და ენმ ძალიან სწრაფად კარგავენ მხარდამჭერებს

ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნება და ენმ ძალიან სწრაფად კარგავენ მხარდამჭერებს.

“ვხედავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში არის დიდი ნაწილი ამომრჩევლის, რომელსაც პოზიცია არ აქვს განსაზღვრული და ისინი არც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები არიან და არც ქართული ოცნების. ძალიან სწრაფად კარგავს ქართული ოცნება მხარდამჭერებს, ისევე როგორც ნაციონალური მოძრაობა”,– აცხადებს სამადაშვილი პალიტრანიუსის ეთერში.

მისი შეფასებით, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების მხოლოდ ხმაურიანი ნაწილი არ უჭერს მხარს პარტიის პარლამენტში შესვლას და შეთანხმებას.

“მე ვფიქრობ, რომ ნაციონალური მოძრაობის ხმაურიანი ნაწილი, ვინც ეწინააღმდეგება შეთანხმებას, პარტიის პარლამენტში საქმიანობას, სინამდვილეში ეს არ არის მხარდამჭერების უმრავლესობა. ეს არის შეიძლება ხმაურიანი, მაგრამ მხოლოდ ნაწილი მათი ამომრჩევლის.

ასე რომ, ენმ რა ნაბიჯებს გადადგამს მომავალში, ესაც განსაზღვრავს პარტიის მხარდაჭერას, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანას და ხალხს სჭირდება სერიოზული პოლიტიკა, სერიოზული ხედვა, როგორ უნდა გამოვიყვანოთ უმძიმესი კრიზისიდან. მხოლოდ ქუჩის ამარად დატოვებული პოლიტიკური დღისწესრიგი არ მგონია, რომ არის ის პოლიტიკური გემოვნება, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს აქვთ”,– აღნიშნავს სამადაშვილი.