სამარცხვინო, გულისამრევი, მავნებელი, არაადეკვატური, ჩმორი – უგულავა ზალკალიანზე

პოლიტიკოსი გიგი უგულავა ეხმიანება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას მინსკში ავიარეისის იძულებით დაშვებასა და ბელარუსი აქტივისტი რომან პროტასევიჩის დაკავებაზე.

უგულავას შეფასებით, “ამაზე სამარცხვინო მხოლოდ რუსების განცხადებაა”, მინისტრი დავით ზალკალიანი კი “არაადეკვატური და მავნებელია”.

“ზალკალიანმა და ჩვენმა საგარეომ მოახერხეს, ჯეკპოტი მოხსნეს. თავის თავს გადაასწრეს, როცა გაბუნიას საერთაშორისო დაგმობას ითხოვდნენ მსოფლიოსგან. ამაზე სამარცხვინო მხოლოდ რუსების განცხადებაა:

“ჩვენ მივესალმებით თვითმფრინავის მშვიდობიან დაფრენას ვილნიუსში. გვახარებს მგზავრების უსაფრთხოება. მათ უნდა ჰქონდეთ თავისუფალი ფრენის საშუალება. მიუღებელია მგზავრთა დაკავება” – აი ეს დაწერა ზალკალიანმა. ამასობაში დისიდენტი ჟურნალისტი ჰაერიდან ჩამოხსნეს და 12 წელს უსჯიან. მას არც ახსენებს, არც განთავისუფლებას ითხოვს. არაფერი. უბრალო “სამძიმრის წერილი”. სამარცხვინო. გულისამრევი. მავნებელი. არაადეკვატური. ჩმორი. ფუი”,– წერს უგულავა.

ცნობისთვის, გუშინ, 23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავმა, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა და თითქმის ლიეტუვის საჰაერო ტერიტორიაზე იმყოფებოდა, მიმართულება შეიცვალა და მინსკში დაჯდა. ბელარუსმა თვითმფრინავის ეკიპაჟს უთხრა, რომ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო, რის შემდეგაც ბელარუსმა მათ უბრძანა, თვითმფრინავი უახლოეს აეროპორტში დაესვათ.

თვითმფრინავის მინსკში დაჯდომის შემდეგ, ბელარუსმა სამართალდამცველებმა 26 წლის აქტივისტი და ჟურნალისტი, Nexta-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.