სამომხმარებლო პროდუქციაზე შესაძლოა სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს

“საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“(CSRDG) პარლამენტში პეტიცია წარადგინა, რომელითაც სახელმწიფოსგან სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლს ითხოვს. პეტიციას ხელს 1001 ადამიანი აწერს. პეტიცია ბიუროს სხდომას უკვე წარედგინა, რომელმაც მისი განხილვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაავალა.

პეტიციაში ვკითხულობთ, რომ “საქართველოში სამომხმარებლო (არასასურსათო) ნაწარმის აბსოლუტური უმრავლესობის უსაფრთხოების მოთხოვნები დადგენილი არ არის და არ მოქმედებს სახელმწიფო კონტროლი”.

“სამომხმარებლო პროდუქციისგან შეიძლება მომდინარეობდეს ფიზიკური, ელექტრული, ბიოლოგიური, ქიმიური და რადიოაქტიური საფრთხეები. ამ პროდუქტებმა შეიძლება არა მხოლოდ ერთბაშად დააზიანოს ადამიანი, არამედ თანდათანობით, სისტემატური მოხმარების დროს იმოქმედოს ჯანმრთელობაზე და ისეთი სერიოზული დაავადებები გამოიწვიოს, როგორებიცაა სიმსივნე და გენების გადაგვარება, ენდორკრინული და რეპროდუქციული სისტემების დაზიანება და ა.შ.

სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი დანერგილია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირში. საქართველოს ბაზრიდან აღებული ზოგიერთო პროდუქციის შემოწმების შედეგები განთავსებულია საიტზე momxmarebeli.ge”,– წერია პეტიციაში.

“საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” პეტიციაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებას პრობლემის მოსაგვარებლად გარკვეული გეგმები აქვს, თუმცა მათი განხორციელება ნელი ტემპით მიმდინარეობს და რთულია შედეგების პროგნოზირება .

“ამასთანავე, ეს გეგმები არ გულისხმობს ყველა სახის სამომხმარებლო პროდუქციის კონტროლს. ამგვარად, უსაფრთხოების კონტროლს მიღმაა დარჩენილი ისეთი ყოველდღიური მოხმარების ნაწარმი, როგორიცაა ჰიგიენის საშუალებები, ჭურჭელი, ტექსტილი, ფეხსაცმელი, კოსმეტიკა, ავეჯი და სხვა.

საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის მომავალი თაობების სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული არ არის.

მოვითხოვთ საქართველოს პარლამენტმა რაც შეიძლება მოკლე ვადებში უზრუნველყოს ყველა სახის სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების მოთხოვნების დადგენა და უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლის დაწესება, ევროკავშირის მოდელის ანალოგიურად”, – ნათქვამია პეტიციაში.

პეტიცია ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის ეკა ურუშაძის სახელით დარეგისტრირდა.