სამწუხაროა, თუ გიორგი ვაშაძე ლაპარაკზეც კი უარს ამბობს, შევჭამთ, თუ რას ვუზამთ?!-იოსელიანი

სამწუხაროა, თუ გიორგი ვაშაძე ლაპარაკზეც კი უარს ამბობს , მე, ალეკო და „გირჩის“ სამი წარმომადგენელი რომ შევხვდეთ, გიორგის შევჭამთ, თუ რას ვუზამთ?! – ასე გამოეხმაურა პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი „პალიტრანიუსის“ ეთერში, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, სადაც ის „გირჩსა“ და „მოქალაქეებთან“ ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარს ამბობს.

„ძალიან გულდასაწყვეტია, თუ საუბარიც არ უნდათ გამოსავლის ძიებაზე. მე, ალეკო და „გირჩის“ სამი წარმომადგენელი რომ შევხვდეთ, გიორგის შევჭამთ, თუ რას ვუზამთ?! რა მოხდება იმით, რომ დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. აქ საუბარია იმაზე, რომ ეს ნათლად აჩვენებს ტენდენციას, ვის უნდა ამ პროცესის მოლაპარაკებით დასრულება და ვის არ უნდა. სამწუხაროა, თუ გიორგი ვაშაძემ ასე რადიკალურად შეიცვალა მოსაზრებები, ლაპარაკზეც კი უარს ამბობს.

გააკეთონ ერთიანი ფორმატი იმ პარტიებმა, რომლებსაც არ უნდათ ცალ-ცალკე შეხვედრა, ერთიანად მივალთ და დაველაპარაკებით. არ აქვს მნიშვნელობა ცალ-ცალკე დაველაპარაკებით, თუ ერთიანად. მთავარია ის წინადადება, რომელიც გულისხმობს თვითმმართველობის არჩევნებს, რომლისთვისაც როგორც გავიგე მზადებას იწყებს გიორგიც და მისი პარტიაც, იქცეს ერთგვარ პლებისციტად, ვადამდელი არჩევნების თემა გადაწყვეტილი იყოს“,-აცხადებს ლევა იოსელიანი.

ცნობისთვის, გიორგი ვაშაძე „გირჩსა“ და „მოქალაქეებთან“ ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარს ამბობს. როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ვაშაძემ განაცხადა, ოპოზიციამ ყველა საკითხი არა ცალ-ცალკე, არამედ საერთო ფორმატში უნდა განიხილოს.