სამხარაულის ბიურო აცხადებს, რომ შადრევნის სამუშაოების საექსპერტო შეფასება მათ არ ჩაუტარებიათ

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აცხადებს, რომ ვაკის პარკის შადრევნის სამუშაოების საექსპერტო შეფასება მათ არ ჩაუტარებიათ.

“სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 13 წლის მარიტა მეფარიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი გოგონას ოჯახს.

ამ ტრაგიკული ფაქტის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით, საზოგადოების ინტერესი მაღალია და ვრცელდება არაერთი, გადაუმოწმებელი ინფორმაცია ექსპერტიზების შემსრულებელ ორგანიზაციასთან დაკავშირებით.

გვინდა განვაცხადოთ, რომ ვაკის პარკის შადრევანზე ჩატარებული სამუშაოების საექსპერტო შეფასება, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ არ განხორციელებულა.

ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ამჟამად ჩართულია საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები” – წერია განცხადებაში, რომელსაც “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.