სანატორიუმ ქართლში მცხოვრებ 9 ოჯახს ბინები გადაეცა – დევნილთა სააგენტო

დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, სანატორიუმ ქართლში მცხოვრებ 9 დევნილ ოჯახს ახალშენებულ კორპუსში ბინები გადაეცა, 7-მა კი თავად მოიძია საცხოვრებელი ფართები, რომლებსაც სააგენტო შეუსყიდით.

“ამ ეტაპზე, იძულებით გადადგილებულ ოჯახებს, სააგენტოს მენაშენეების პროექტის ფარგლებში შესყიდული სამოთახიანი და ოროთახიანი ბინები ჩაბარდა. აღნიშნული საცხოვრებელი ფართები სააგენტომ, გაცემული დაპირების შესაბამისად, პირველივე შესაძლებლობისთანავე, სანატორიუმ ქართლის შენობაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შესთავაზა. განსახლების პროცესი დაწყებულია და 2022 წელს, ეტაპობრივად, ყოფილ სანატორიუმ ქართლში მცხოვრები ყველა დევნილი ოჯახი საცხოვრებლი ფართით უპირობოდ დაკმაყოფილდება”, – წერია დევნილთა სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტო ასევე წერს, რომ ისინი სანატორიუმ ქართლში დასახლებულ ოჯახებს განსახლების ორ გზას სთავაზობენ.

“დევნილ ოჯახებს, თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ და ამ შემთხვევაში, კვადრატული მეტრის ფასი, რომელის შესყიდვასაც სააგენტო განახორციელებს, შეადგენს 550 დოლარის ეკვივალენტს ლარში;
დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, 2022 წლის განმავლობაში, დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას. ამ შემთხვევაში სააგენტო, მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს”.

შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, სანატორიუმ ქართლის შენობასთან დევნილმა პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა, ის შენობიდან გადმოხტა. ამის შემდეგ დევნილთა სააგენტომ განაცხადა, რომ აღნიშნულ სანატორიუმში მცხოვრები ყველა დევნილი ოჯახი 2022 წელს ბინებს უპირობოდ მიიღებენ.