საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია რომ  ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კორონავირუსის პირველი ტალღის დროს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებდა ვირუსის არსებობას  სიმართლეს არ შეესაბამება და ცალკეულ სასულიერო პირების ინდივიდუალური განცხადებები არ გამოხატავს ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას.

“რაც შეეხება ცალკეულ სასულიერო პირთა ინდივიდუალურ განცხადებებს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს განცხადებები არ გამოხატავს და ეწინააღმდეგება ეკლესიის საერთო და ოფიციალურ პოზიციას.

ამჯერად გთავაზობთ მნიშვნელოვან ამონარიდებს 2020 წლის 1 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ გავრცელებული მიმართვიდან.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მინდა მოგმართოთ, ჩვენო სულიერო შვილებო, და გთხოვოთ, მიიღოთ შემდეგი რჩევა:

ვიდრე განსაცდელი გაივლის, შეასრულეთ სათანადო მითითებები:

ადამიანებთან ურთიერთობისას, მათ შორის, ტაძარში და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაიცავით დადგენილი დისტანცია;

სასულიერო პირებსა და ტაძრის მსახურთ, კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით, მიეცემათ დამატებითი რჩევები;

მორწმუნეთა ის ნაწილი, რომელიც ასაკის ან უძლურების გამო რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, აგრეთვე ისინი, ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ ვირუსით დასნებოვნების გამო, დარჩნენ სახლში. სურვილის ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მათ თავისი მოძღვარი ადგილზე ჩაუტარებს საჭირო მსახურებას და ლოცვით კანონსაც განუსაზღვრავს.

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II” – ნათქვამია განცხადებაში.