“ოჯახის სიწმინდის დღესთან” დაკავშირებით საპატრიარქო 17 მაისს მსვლელობას გამართავს

საპატრიარქო 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობას გამართავს. მართლმადიდებელი ეკლესიის ცნობით, ქაშვეთის ეკლესიაში შესრულდება პარაკლისი, შემდეგ კი, მოეწყობა ლოცვითი მსვლელობა სიონისკენ.

“პარაკლისიც და ლოცვითი მსვლელობაც წელს მიძღვნილი იქნება, ერთი მხრივ, ოჯახის დღისადმი, ხოლო, მეორე მხრივ, მშვიდობისადმი, როგორც საქართველოში, ისე უკრაინასა და მთელ მსოფლიოში.

არაერთგზის აღგვინიშნავს, რომ ჩვენს უდიდეს გულისტკივილს იწვევს ის საბრძოლო მოქმედებები, რასაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს.  ომი საშინელებაა; იგი იწირავს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს, იწირავს ოჯახის ბედნიერებას. ოჯახისა და მშვიდობის თემაზე ამავე დღეს მოეწყობა ბავშვების ნახატების გამოფენა სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში.

გავერთიანდეთ ლოცვითა და მსვლელობით, გავერთიანდეთ იმ სულისკვეთებით, რომ სამშობლო ოჯახიდან იწყება და რომ მტკიცე და ძლიერი ოჯახი ქვეყნის სიმტკიცისა და ძლიერების  საწინდარია” – ნათქვამია განცხადებაში.