სასამართლო პროცესი ცინიკური ფარსია, ესაა პოლიტიკური დევნა ოლიგარქიის მხრიდან – რურუა

მთავარი არხის მეწილე გიორგი რურუამ სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ვინც ოლიგარქის წინააღმდეგ წინააღმდეგ მიდის, ის პოლიტიკური დევნის მაგალითია.

„ვინც ოლიგარქის წინააღმდეგ სიტყვით გამოვდივართ, ვართ პოლიტიკური დევნის მაგალითები. ჩვენ წინააღმდეგ გააყალბეს მტკიცებულებები. საბჭოთა პროპაგანდის კლასიკური გაგებით, საბჭოთა პრესის ოფიცრების ხელით, რამიშვილს ვგულისხმობ და მის სამეგობროს, ცდილობდნენ ჩვენი სახელების გატეხვას.

ჩემი წინასწარვე დამნაშავედ გამოცხადება, რომელიც ოლიგარქიული ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებიდან ვრცელდება, არღვევს ჩვენს კონსტიტუციას და ეწინააღმდეგება მას. ეს არის პოლიტიკური დევნა ოლიგარქიის მხრიდან.

მიზეზი, თუ რატომ მოვხვდი მე ხელისუფლების მიზანში, არის მთავარი არხის აქტივის შეძენა, ასევე ანტისაოკუპაციო მოძრაობის მხარდაჭერა და მკვეთრად გამოხატული ნეგატიური დამოკიდებულება ზონდერი მთავრობის მიმართ. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ გვინდა რუსეთის ჩრდილში ყოფნა. სწორედ ამ ჩრდილში ყოფნას უშლის ხელს თავისუფალი მედია”,– განაცხადა გიორგი რურუამ.

მისი შეფასებით, მიმდინარე სასამართლო პროცესი “ცინიკური ფარსია”, რადგან ყველა სამართლებრივი პროცედურა უხეშადაა დარღვეული.

„მინდა შევეხო სასამართლო პროცესს, რომელიც ცინიკური ფარსია. მე არ მქონდა სასამართლოზე მტკიცებულებების წარმოდგენის უფლება, რაც ჩემ უდანაშაულობას დაამტკიცებდა, მე არ მქონდა ადვოკატის დასწრების უფლება, ჩხრეკის დროსაც კი, რაც რეალურად არ ჩატარებულა, თუმცა სამართლებრივად ეს უფლება ჩამომართვეს.

ოლიგარქიულმა სასამართლომ არაფრად ჩააგდო მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებში მიღებული პრეცედენტები სამართალწარმოებაში. ყველა სამართლებრივი პროცედურა, რაც ჩვენი ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსშია, უხეშადაა დარღვეული.

მე თავს დამნაშავედ არ ვცნობ და ჩემს წინააღმდეგ წამოყენებული ყველა ბრალდება აბსურდულია“, – განაცხადა გიორგი რურუამ.

გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დააკავეს. რურუა ბრალს არ აღიარებს.

გიორგი რურუა მოძრაობა “სირცხვილიას” აქციებს აფინანსებდა, ასევე, გახდა მთავარი არხის მეწილე.

გიორგი რურუას გათავისუფლება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილია, თუმცა “ქართული ოცნება” შეთანხმების მეორე ნაწილის არსებობას დღემდე უარყოფს. მიუხედავად ამისა, ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა უკვე შეიწყალა უგულავა და ოქრუაშვილი.

გიორგი რურუას განაჩენი ხვალ 11:00 საათზე გამოცხადდება.