სასამართლომ ბუსა ჟვანიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ ბუსა ჟვანიას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ადვოკატი ჟვანიას 50 000 ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ბრალდების მხარემ კი როგორც მოსალოდნელი იყო, სასამართლოს პატიმრობის შუამდგომლობით მიმართა.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება გოგი თოფაძის შვილიშვილს, ლევან თოფაძესა და ბუსა ჟვანიას შორის 2 აგვისტოს თოფაძეების საცხოვრებელ სახლში მოხდა, რა დროსაც ლევან თოფაძეს, გამოძიების ინფორმაციით, ბუსა ჟვანიამ დანით ჭრილობები მიაყენა. ლევან თოფაძე მძიმე მდგომარეობაში ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. საავადმყოფოში იმყოფებოდა თავად ბუსა ჟვანიაც, რომელიც კლინიკიდან დღეს პირდაპირ სასამართლოში გადაიყვანეს.

ბუსა ჟვანია მომხდარიდან რამდენიმე საათში შსს-მ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავა, თუმცა მოგვიანებით გენერალურმა პროკურატურამ მას ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაუმძიმა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ჟვანიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.