სასულიერო პირს, რომელიც წირვის დროს პატრიარქს არ მოიხსენიებდა, მსახურების უფლება შეუჩერეს

ჭყონდიდის ეპარქიაში, ბალბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ათენოგენეს საკვირაო წირვაში პატრიარქის, ილია მეორის არმოხსენიების გამო მსახურების უფლება შეუჩერეს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

არქიმანდრიტის თქმით, პატრიარქის მოხსნიება იმის მერე ვეღარ შეძლო, რაც მეუფე პეტრემ ილია მეორე მამათმავლობაში დაადანაშაულა. მამა ათენოგენე ყვება, რომ ამის შემდეგ ტაძარში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები მივიდნენ და გადაიღეს, რომ პატრიარქს არ იხსენიებდა.

“მე მივედი მეუფესთან და ვუთხარი, რომ არ შემიძლია ამ პატივში ამ ადამიანების მოხსენიება, სანამ ამას არ გამოიძიებენ , ეკლესიას პასუხის არ ექნება, ვერ შევძლებ. შემდეგ ძალოვანები იყვნენ მოსული, გადაგვიღეს. ალბათ რომ არ ვიხსენიებდი ეს გადაიღეს. სამი დღის წინ მეუფემ დაგვიბარა ვისაუბრეთ ეს მოხსენიება წაიღეს და ველოდებით, – ამბობს მამა ათენოგენე.

დღეს საკვირაო წირვა მის ტაძარში უკვე მისმა შემცვლელმა, მამა გაბრიელმა ჩაატარა, რასაც მრევლი აპროტესტებს. ერთ-ერთი მათგანის თქმით, ეკლესიაში აღარ ივლიან, თუ წირვას კვლავ მამა ათენოგენე არ ჩაატარებს.