სასურველია, ქალებმა მენსტრუაციისას ვაქცინის გაკეთებისგან თავი შეიკავონ – კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ სასურველია ქალებმა მენსტრუაციის დროს ვაქცინაციისგან თავი შეიკავონ.

მისი თქმით, ჰორმონალური ძვრების გამო კვინკეს შეშუპების განვითარება მეტად არის დამახასიათებელი.

“მენსტრუაცია ზოგადად არ ცვლის პროცესს, არსად არ წესია, რომ ამ დროს არ შეიძლება აცრა. უბრალოდ, მენსტრუაციულ პერიოდისთვის, აქტიური ჰორმონალური ძვრების გამო, უფრო მეტად არის დამახასიათებელი კვინკეს შეშუპებების განვითარება. ჩვენ მოგვმართავენ პაციენტები კვინკეს შეშუპების დროს და გამოკითხვისას ვეკითხებით, უმიზეზო შეშუპება ხომ არ ემთხვევა მენსტრუაციული ციკლის პერიოდს და პაციენტები ადასტურებენ. იმის გამო, რომ ეს თანხვედრა არის, სასურველია ქალებმა მენსტრუაციის პერიოდში აცრის გაკეთებისგან თავი შეიკავონ. რამდენიმე დღით გადავადებაში ცუდი არაფერი არაა”, – ეუბნება კულუმბეგოვი ნეტგაზეთს.