“ჩვენ მოგვიწია თავის დროზე ამ საკითხზე განმარტების გაკეთება, ჩვენი პოზიციის დაფიქსირება, გამომდინარე იქიდან, რომ წინასწარ იყო გაჟღერებული რუსული მხრიდან ეს პოზიცია – ჩვენი პოზიცია იყო მარტივი, არის მილიონამდე საქართველოს მოქალაქე, ან ქართველი, რომელიც ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, ამ ადამიანებს უწევთ დღეს მაგალითად, სხვა ქვეყნების გავლით საქართველოში ჩამოსვლა, რაც აძვირებს ხარჯებს, ქმნის დისკომფორტს და ა.შ. რეალურად, რუსეთის ფედერაციამ ამ ადამიანებს დაუწეს სასჯელი, სანქცია 2019 წელს და დღეს რაც ვიხილეთ, ეს არის ამ სანქციის მოხსნა, ანუ გარკვეული სასჯელი იყო დაწესებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, მილიონამდე ადამიანისთვის, რომელიც არის პოტენციური მოსარგებელ ამ საკითხით და საბოლოო ჯამში, დღეს ეს სანქცია მოიხსნა.

ამაზე ჩვენ ვერ გვექნებოდა ვერავითარი პოზიცია, იმიტომ, რომ ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება თავის დროზე, როცა ეს სანქცია დაწესდა და დღესაც ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ქართულ მხარეს – ქართული მხარე სანქციებს არ აწესებს რუსეთის მიმართ, ამაზეც ჩვენი პოზიცია უკვე განმარტებულია, რატომ არ ვაკეთებთ ამას, მიზეზი არის მარტივი აქაც, მიზეზი არის ის, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესების ჩვენ სინამდვილეში საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს დავუწესებთ სანქციებს, რასაც არ გავაკეთებთ, ბუნებრივია. ჩვენ დათვლილი გვაქვს რას გამოიწვევდა რუსეთისთვის სანქციების დაწესება საქართველოს ეკონომიკისთვის და მაგალითად, თუ შარშან გვქონდა 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა, გვექნებოდა მინიმუმ 10% ეკონომიკური ვარდნა, 10-დან 18%-მდე”,

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში საუბრის დროს.