სატვირთოს, რომელსაც ყირიმის ხიდზე ასაფეთქებელი გადაჰქონდა, ქართული ნომრები ჰქონდა – BAZA

სატვირთოს, რომელსაც ყირიმის ხიდზე ასაფეთქებელი გადაჰქონდა, ქართული ნომრები ჰქონდა – აღნიშნულ ინფორმაციას, რუსული Telegram არხი BAZA ავრცელებს. გავრცელებული ცნობა არ არის დადასტურებული ოფიციალურად.

BAZA-ს ცნობით, სატვირთომ, განბაჟება სომხეთში გაიარა, რის შემდეგაც ის ქალაქ არმავირში გადმოტვირთეს, მერე კი, ჩრდილოეთ ოსეთში დაბრუნდა. სატვირთო ავტომობილი იქ 8 ოქტომბერს იპოვეს.

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს, გამთენიისას ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ ხიდზე აფეთქება მოხდა.

რუსეთის პრეზიდენტმა ყირიმის ხიდის აფეთქებაში უკრაინის სპეცსამსახურები დაადანაშაულა. ამის შესახებ მან რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელთან, ალექსანდრ ბასტირკინთან შეხვედრისას განაცხადა.

პუტინის თქმით, ხიდის აფეთქების ავტორები, შემკვეთები და შემსრულებლები უკრაინის სპეცსამსახურები არიან.

“ეს არის ტერაქტი, მიმართული რუსეთის ფედერაციის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად. აფეთქების ავტორები, შემსრულებლები და დამკვეთები უკრაინის სპეცსამსახურები არიან“–თქვა პუტინმა.