საუბრები, რომ კლანი არსებობს, ჩემი აზრით, დემაგოგიაა – იუსტიციის საბჭოს ახალი წევრი

იუსტიციის საბჭოს ახლადარჩეული წევრი, გოჩა აბუსერიძე ამბობს, რომ სასამართლოში კლანი არ არსებობს და ამაზე საუბარი დემოგაგიაა.

მისი თქმით, კანდიდატები წინასწარ შეთანხმებული არ ყოფილა და არ ჰქონდა მოლოდინი, რომ დღეს მას წარადგენდნენ.

“ამგვარი შეკითხვა ჩემთვის პირადად, როგორც მოსამართლისათვის, არის შეურაცხმყოფელი იმიტომ, რომ აღნიშნული შეკითხვა თავისი შინაარსობრივი დატვირთვით, ჩემი აზრით, მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს დისკრედიტაციისკენ. არანაირი ზეწოლა და წინასწარი შეთანხმება დღეს, რა თქმა უნდა, არ ყოფილა. ჩემთვისაც მოლოდინის რეჟიმშიც არ ვყოფილვარ, რომ დღეს წარდგენილი ვყოფილიყავი საბჭოს წევრის კანდიდატურად. ერთ-ერთმა ჩემმა კოლეგამ წარმადგინა.

ამგვარი შეკითხვა, საუბრები, რომ კლანი არსებობს, ჩემი აზრით, დემაგოგიაა, მიმართულია სასამართლოს დისკრედიტაციისკენ. შეგიძლიათ ჩემი პროფესიული მოღვაწეობა, წარსული, კავშირები გამოიკვლიოთ. სასამართლო სისტემაში არსებობს სასამართლოს კორპორაცია, სასამართლოს მოსამართლეები მართავს“, – თქვა გოჩა აბუსერიძემ.

დღეს საპროტესტო აქციის ფონზე მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრი აირჩიეს.