საქართველოდან ლავროვა ქმართან ერთად, სუს-მა და შსს-მ ღამით გაიყვანა – “მთავარი” 

სუს-მა და შსს-მ  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილს, ეკატერინა ლავროვას და მის ქმარს გუშინ გვიან ღამით საქართველოს საზღვრები დაატოვებინა. ინფორმაციას ამის შესახებ “მთავარი არხი” ავრცელებს. სიძე-დედოფალი და ქორწილის დანარჩენი სტუმრები კი ამ დრომდე ყვარლის ტბის სასტუმროში რჩებიან.

“მთავარის” ინფორმაციით, ახლა სანქცირებული წყვილი საუდის არაბეთში იმყოფება.

ცნობისთვის, გუშინ, ცნობილი გახდა, რომ ყვარლის ტბაზე სასტუმროში, სანქცირებული  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის  სერგეი ლავროვის სიძის ძმა ქორწილის გადახდას აპირებს. მედიის ცნობით, იქ იმყოფებოდნენ ლავროვის სანქცირებული შვილი, ეკატერინა ლავროვა და მისი ქმარი.

სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციამ აღნიშნული ინფორმაცია უარყო, თუმცა ”მთავარი არხის” ჟურნალისტის და სასტუმრო “ყვარლის ტბის” თანამშრომელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა რა დროსაც სასტუმროს თანამშრომელმა  დაადასტურა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი, ეკატერინა ლავროვა ნამდვილად მათ სასტუმროში იმყოფება.

“მთავარი არხის” თანამშრომელმა დარეკა “ყვარელი რეზორტში”, თუმცა მათთვის არ უთქვამს, რომ ჟურნალისტი იყო, გაეცნო როგორც კურიერი და უთხრა, რომ ეკატერინა ლავროვასთვის ყვავილები მიჰქონდა. სწორედ ამ დროს დაადასტურა სასტუმროს ადმინისტრაციამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ქალიშვილის ყვარელი რეზორტში ყოფნა.