საქართველომ ჩაატარა სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნები, მადლობა ცესკოს – პრეზიდენტი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს აფასებს და მას დემოკრატიულსა და სამართლიანს უწოდებს.

“საქართველომ შეძლო და ჩაატარა მშვიდობიანი, სამართლიანი, უსაფრთხო, დემოკრატიული არჩევნები. შეიძლება ითქვას, რომ ევროპული არჩევნები. მიუხედავად ურთულესი და უპრეცედენტო გამოწვევებისა, გუშინდელმა საპარლამენტო არჩევნებმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩვენი ქვეყანა დემოკრატიულობის და განვითარების გზაზე შეუფერხებელ სვლას აგრძელებს.

ჩვენ შევძელით, არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება, ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის მაჩვენებლით და მძიმე დარღვევების გარეშე. თითოეულ ამომრჩეველს, პოლიტიკური ნიშნის მიუხედავად, ამისთვის მინდა ვუთხრა მადლობა, რადგან ეს ყველას გამარჯვებაა! მინდა მადლობა ვუთხრა სამართალდამცველებს, რომლებმაც საარჩევნო უბნებზე უსაფრთხოება უზრუნველყვეს და ყველა საჭირო შემთხვევაში მოახდინეს მყისიერი რეაგირება, რამაც დაიცვა ჩვენი მოქალაქეების არჩევანის თავისუფლება”,– თქვა ზურაბიშვილმა.

მან ცესკოს, მის წევრებსა და თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა, რადგან, პრეზიდენტის მტკიცებით, ურთულესი პანდემიის პირობებში ზრუნავდა არჩევნების უსაფრთხოებასა და სამართლიანობაზე.

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევს.