საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს გარშემო დამარცხდნენ დიქტატორები – ხოშტარია

საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოსთან ბელარუსი ხალხის სოლიდარობის აქციაზე „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია მივიდა. მან განაცხადა, რომ საქარველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს გარშემო დიქტატორები დამარცხდნენ.

„ეს არის სოლიდარობის აქცია. მთელი ცივილიზებული სამყარო დღეს ამ ადამიანების გვერდით უნდა იყოს, რადგან თავისუფლებისთვის ბრძოლაში ამ ადამიანებს კლავენ, იტაცებენ. სიცოცხლის საფრთხის ხარჯზე ისინი თავიანთი ქვეყნის თავისუფლებას იცავენ. ჩვენთვის, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს გარშემო დამარცხდნენ დიქტატორები და საბოლოოდ დამარცხდეს საბჭოთა კავშირი, რომელიც არჩევნების გაყალბებისა და ძალადობის გზით ინარჩუნებს ძალაუფლებას. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ რეგიონში არ არის დიქტატორების ადგილი, არამედ აქ არის თავისუფლების მოყვარული ადამიანების ადგილი. ბელარუსი აღარ არის ის ქვეყანა, როგორიც ჰგონია პუტინს, ლუკაშენკოს და სხვა დიქტატორებს”, – განაცხადა ხოშტარიამ Ipn–თან საუბარში.

დღეს საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.