“ცუდია ის, რომ შეთანხმება გაუქმდა, მეორე – თავის იმით მოტყუებაა, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ყველაფერი კარგად მიდის. ყველაფერი კარგად არ მიდის. მესამე ფაქტორი კი ის არის, რომ არსებობს რაღაც უცნაური რწმენა, რომ ამ ნაბიჯებს გავლენა არ ექნება საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე. ამ ყველაფერს დამოკიდებულებაზე გავლენა აქვს.

ისეთ გარემოში, სადაც ევროკავშირისა და ნატოს მხრიდან ახალი წევრების მიღების მიმართ მადა ფაქტობრივად არ არსებობს, საქართველოს მთავრობა თითქოს სტაბილურად ცდილობს გააქროს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკუთარი შანსები. ევროპაში ბევრი ადამიანი და ბევრი ქვეყანაა, რომელსაც ნატოს გაფართოება არ სურს. ასეთი ნაბიჯები მხოლოდ ამ ადამიანებს უმყარებს არგუმენტებს, რომ გაფართოება ცუდი იდეაა და ამის გამო, ისეთ ქვეყანას, როგორიც ესტონეთია, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია, მათთვის არაფრის თქმა არ შეუძლია.

თუ დამოუკიდებელი სასამართლოსი გეშინიათ, მაშინ ევროკავშირში თქვენი ადგილი მაინც არ არის. ევროკავშირში ამჟამად მიმდინარეობს შიდა ბრძოლები სწორედ დამოუკიდებელ სასამართლოსთან დაკავშირებით და ევროკავშირს არანაირად არ სურს ამ მიმართულებით დამატებითი თავისტკივილი გაიჩინოს. რატომ უნდა გეშინოდეთ დამოუკიდებელი სასამართლოსი? მითუმეტეს მაშინ, როცა ეს იმ ლიგაში მოგაქცევთ, სადაც რუსეთი და სხვა ავტორიტარული ქვეყნები არიან? დამოუკიდებელი სასამართლოს შიში არანაირი საღი აზრის ქვეშ არ ექცევა – არანაირი. იმიტომ, რომ ყველაფერი საბოლოო ჯამში ამას უკავშირდება – დამოუკიდებელ სასამართლოს, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს კანონზე დაყრდნობით და არა იქიდან გამომდინარე, თუ ვინ არის მთავრობაში”

აცხადებს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, თოომას ჰენდრიკ ილვესი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.