საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 8 ერში ითამაშებს – ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა

საქართველოს რაგბის ნაკრები 8 ერში ითამაშებს. ბორჯღალოსნებმა კორონავირუსის პანდემიის გამო იაპონია ჩაანაცვლეს და ინგლისის ნაკრებს შეხვდებიან. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის გარეთ საქართველო ინგლისის ნაკრებს ეთამაშება. ჯგუფში საქართველო უელსთან და ირლანდიასთან მოხვდა.

ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურეს ექვსი ერის ორგანიზატორებმა და განცხადება ტურნირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნეს.

თავდაპირველი 8 ერში უნდა ეთამაშათ ტურნირის უცვლელ მონაწილეებს – ინგლისს, საფრანგეთს, შოტლანდიას, ირლანდიას, უელსს, იტალიას და 2 მიწვეულ ნაკრებს – ფიჯის და იაპონიას.

მოგვიანებით, ქვეყანაში პანდემიით შექმნილი რთული მდგომარეობის გამო, იაპონიის რაგბის კავშირმა უარი თქვა ტურნირში მონაწილეობაზე, რამაც საქართველოს ნაკრებს შეჯიბრებაში მონაწილეობის შანსი მისცა.

საქართველო ინგლისს 14 ნოემბერს თვიქნემის სტადიონზე შეხვდება. ორი ნაკრებისთვის ეს მესამე დაპირისპირება იქნება. საქართველო და ინგლისი ერთმანეთს 2003 და 2011 წელს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატებზე შეხვდნენ.

მეორე ჯგუფში შოტლანდია, საფრანგეთი, იტალია და ფიჯი მოხვდნენ. ჯგუფების გამარჯვებულები ერთმანეთს 5 დეკემბერს ფინალში დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დამოუკიდებლობის შემდეგ ხუთჯერ ითამაშა მსოფლიოს თასების ფინალურ ეტაპზე (2003, 2007, 2011, 2015, 2019) და მოახერხა ხუთი თამაშის მოგება. ერთხელ, 2015 წლის მსოფლიოს თასზე საქართველოს გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე მოიგო 2 მატჩი და პირდაპირ მოიპოვა 2019 წლის მსოფლიოს თასზე ასპარეზობის უფლება.