საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სეზონურ სამუშაოზე წასვლას 4 აგვისტოდან შეძლებენ

საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე წასვლა 4 აგვისტოდან შეეძლევათ. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და საქართველოს მთავრობის 164-ე დადგენილებაზე მიუთითებს.

უწყებაში განმარტავენ, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც სეზონურ სამუშაოებზე წასვლა სურთ, უნდა ჰქონდეთ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის ფიზიკური, ან თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული სამთვიანი მოწვევა. აღნიშნულ დოკუმენტში დაფიქსირებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქის საიდენტიფიკაციო მონაცემები და იყოს დამოწმებული ნოტარიულად თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის გათვალისწინებით.

საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებსაც სეზონურ სამუშაოებზე წასვლა სურთ, უნდა შეავსონ სპეციალური აპლიკაცია. მოქალაქემ უნდა მიუთითოს საიდენტიფიკაციო მონაცემები და წარადგინოს თურქეთის რესპუბლიკიდან მიღებული მოწვევა (ქართულ ენაზე თარგმნილ ნოტარიულად დამოწმებულ ვერსიასთან ერთად). განმცხადებლები პასუხს 7 კალენდარული დღის ვადაში მიიღებენ. ისინი ამ ინფორმაციის მიღებას შეძლებენ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზეც.