საქართველოს მოწვევა უნდა გავუგზავნოთ NATO-ში დაუყოვნებლივ გაწევრიანებისთვის – გენერალი ბენ ჰოჯესი

ევროპაში აშშ-ს სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაურის, ბენ ჰოჯესის განცხადებით, ნატო-მ საქართველოს დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მოწვევა ალიანსში გაწევრიანებისთვის. ამის შესახებ ბენ ჰოჯესი Euobserver-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

“შევქმნათ უფრო ძლიერი ურთიერთობები სომხეთთან და აზერბაიჯანთან, გავაძლიეროთ ალიანსი თურქეთთან, გავზარდოთ ჩვენი ყოფნა საქართველოში, მათ შორის შევქმნათ ინფრასტრუქტურა აშშ-ს საჰაერო და საზღვაო ძალებისთვის. ჩვენ უნდა მოვიწვიოთ საქართველო ნატოში დაუყოვნებლივ გაწევრიანებისათვის. ეს ზომები კრემლს აჩვენებს, რომ ეს რეგიონი ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებში შედის. დასავლეთი უნდა შევიდეს კონკურენციაში სამხრეთ კავკასიაში, სანამ კვლავ გვაქვს ამის შესაძლებლობა, თუ გვსურს თავიდან ავირიდოთ დიდი ძალების კონფლიქტი”, – წერს ჰოჯესი.

ამასთან, ბენ ჰოჯესის განცხადებით, ნატო-მ და შეერთებულმა შტატებმა უნდა დაამყარონ მჭიდრო ურთიერთბები აზერბაიჯანსა და სომხეთთან, განამტკიცონ ურთიერთობები დიდი ხნის მოკავშირე თურქეთთან. მისი აზრით, დასავლეთს ჩავარდნა ჰქონდა სამხრეთ კავკასიაში კონკურენციის გაწევაში და სწორედ ამან გამოიწვია კონფლიქტის ხელახლა გაჩაღება, ვინაიდან ინიციატივა კრემლს დაუთმეს.

“აშშ-ისა და საფრანგეთის მთავრობებმა, დანარჩენ ევროპასთან ერთად, ბოლო კვირებში განვითარებული მოვლენები გამოტოვეს. ამის ფასს მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა იხდის. მათი მდგომარეობა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს უფრო ფართოდ სამხრეთ კავკასიის საკითხს, რომელიც დიდი ხანია დასავლეთის უმეტესმა ნაწილმა მიატოვა. ჩვენ ახლა დიდი ძალების მეტოქეობის პერიოდში ვართ და მჯერა, რომ კონკურენცია დიდი ძალების კონფლიქტს გვარიდებს. იმის ჩვენებით, რომ დაინტერესებული ვართ რეგიონით, ან ადგილით, ან მოვლენით, ჩვენ პოტენციურ მოწინააღმდეგეს ვუგზავნით სიგნალს, რომ ეს გვადარდებს, ამაში რესურსებს ვდებთ და ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებს დავიცავთ. ეს გვეხმარება კონფლიქტის თავიდან არიდებაში, რადგან პოტენციური მოწინააღმდეგის მიერ ჩვენი ინტერესების თაობაზე არასწორი გათვლების რისკს ამცირებს. კონკურენციამ უნდა მოიცვას ყველა სფერო: დიპლომატია, ინფორმაცია, სამხედრო და ეკონომიკური”, – წერს ჰოჯესი .