პროკურატურის განცხადებაში საქართველოს მთავრობის შესახებ ფრაზა ხანგოშვილს ეკუთვნის – გერმანიის ელჩი

გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ კნირში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით გერმანიის პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, წინადადება “საქართველოს პრორუსული მთავრობა”, რომელიც განცხადებაში იყო გამოყენებული,  ხანგოშვილს ეკუთვნის და არა პროკურატურას.

“შეიტყვეთ, რომ პროკურატურამ გამოიყენა ფორმულირება, სიტყვები, რომლებიც ოპტიმალური არაა, უკეთესი უნდა ყოფილიყო. ამ სიტყვების გამოყენებით, პროკურატურას სურდა დაეციტირებინა გარდაცვლილი, მკვლელობის მსხვერპლი, ვინც თქვა, რატომ იყო გერმანიაში და მან თქვა, რომ იმიტომ იყო გერმანიაში, რომ ის დაპირისპირებული იყო ე.წ “საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან”. ეს მისი სიტყვები იყო და არა გერმანიის პროკურატურის.

ვწუხვარ, რომ დარჩა შთაბეჭდილება, თითქოს ჩვენს პროკურატურას რაიმენაირად სურდა, საქართველოს მთავრობის პოლიტიკური ორიენტაცია დაეხასიათებინა. ეს მათი განზრახვა არ ყოფილა.” – განაცხადა გერმანიის ელჩმა.

განცხადებაში, რომელიც გერმანიის პროკურატურამ გაავრცელა, არ არის მითითებული, რომ განცხადების ერთ ნაწილში ზელიმხან ხანგოშვილის ციტატაა გამოყენებული. არ არის ციტატის აღმნიშვნელი პუნქტუაცია და არც სხვა რაიმე ნიშანი, რაც გვაფიქრებინებდა, რომ განცხადების კონკრეტული ნაწილი, რომელშიც საქართველოს მთავრობა პრორუსულად არის მოხსენიებული, პროკურატურას არ ეკუთვნის.

„შეკვეთილი მკვლელობის უკან იდგა მსხვერპლის მტრული დამოკიდებულება რუსეთის მთავრობასთან, ჩეჩნეთის რესპუბლიკასა და ასევე საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან,“- წერია დოკუმენტში ფაქტის და არა მოსაზრების სახით.