“საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება და პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი!“–გახარიას პასუხი ევროპარლამენტარს

სახელმწიფო შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც აიღო სტრატეგიული პარტნიორების წინაშე, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების მიერ ევროპარლამენტის წევრ  ანდრიუს კუბილიუსის წერილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

გახარია ამბობს, რომ საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება და პოლიტპატიმრები არ არსებობენ.

„საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი. საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს, კიდევ ერთი წერტილი. რაც შეეხება აღებულ ვალდებულებებს, სახელმწიფო შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც აიღო სტრატეგიული პარტნიორების წინაშე“, – თქვა გიორგი გახარიამ.

ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართა და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულონ ოპოზიციასთან 8 მარტს დადებული შეთანხმება.