საქართველო არ არის ამერიკა რომ სუპერ კომპიუტერული სისტემები ჰქონდეს – ცერცვაძე რეგისტრაციის პორტალზე

საქართველო არ არის ამერიკა, რომ რაღაც სუპერ კომპიუტერული სისტემები ჰქონდეს როგორიც აქვს ნასა-ს ან პენტაგონს  – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ, ვაქცინებზე რეგისტრაციის პორტალზე შეფერხებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„რაღაც საზღვრები აქვს მომზადებას. საქართველო არ არის ამერიკა, რომ რაღაც სუპერ კომპიუტერული სისტემები ჰქონდეს როგორიც აქვს ნასას ან პენტაგონს. საქართველოს ჰქონდა ის რესურსი, რომელიც მოსალოდნელ დატვირთვებს გაუძლებდა, მაგრამ გუშინ იყო 500 000 მცდელობა. ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 1/5 თუ ერთ დღეს მოინდომებს შეღწევას მონაცემთა ბაზაში, ვერ მოხერხდება ეს. თვითმფრინავით, რომელიც გათვლილია 200 მგზავრზე ერთ დღეს, რომ მოინდომოს მგზავრობა 1000-მა ადამიანმა ხომ ვერ შეძლებს?! რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უნდა იყოს ამის პრევენცია და ყველაფერს აკეთებს სამინისტრო, ქვეყნის ხელმძღვანელობა და IT სამსახურები, მაგრამ მთლიანად დაზღვეულები ვერ ვიქნებით. ჩამოსული იყო 28 000 დოზა „ფაიზერი“, ანუ 14 000 ადამიანისთვის და სწრაფად დარეგისტრირდა ეს 14 000 და შემდეგ დანარჩენები ვერ შედიოდნენ.ვაქცინაციაზე რეგისტრაციაზე პრიორიტიზების არც ერთი შემთხვევა არ ვიცი. ჩემი ახლობლები, ჩემი ოჯახის წევრები ვერ დარეგისტრირდნენ, მე არ შემიმჩნევია მოსახლეობის პრიორიტიზება. რაღაც ერთეული გამონაკლისები შესაძლოა არის და ეს ალბათ, იქნება მთელ მსოფლიოში ყველგან, მაგრამ მასობრივად, მაქსიმალურად იყო დამცავი ზომები მიღებული, რომ თანაბარი წვდომა ჰქონოდა ყველას“, – განაცხადა ცერცვაძემ.