საქართველო შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებას იწყებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრომ კონტრაქტი გააფორმა კომპანიასთან, რომელმაც შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის ძიება უნდა დაიწყოს.

“მინდა გამოვეხმაურო გუშინდელ შეთანხმებას, რომელიც გააფორმა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ერთ–ერთ უდიდეს ავსტრიულ კომპანიასთან, OMV Petrom–თან. გუშინ გავაფორმეთ კონტრაქტი, რომელიც ითვალისწინებს ნავთობის და გაზის ძებნა–ძიების დაწყებას საქართველოში, შავი ზღვის აკვატორიაში. აქედან გამომდინარე, მე მინდა კიდევ ერთხელ სიხარულით აღვნიშნო ეს ფაქტი. ეს არის დემონსტრირება იმისა, რომ საქართველოში არის ძალიან კარგი ბიზნესგარემო. კომპანია გამოხატავს სრულ მზადყოფნას, რომ ძალიან მალე დაიწყოს პირველი ფაზის განხორციელება საქართველოში”,– განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

ნათია თურნავა იმედს გამოთქვამს, რომ 25-წლიანი კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ პირველივე ეტაპზე ძებნა-ძიების პროცესში დამაიმედებელი სურათი გამოიკვეთება.

„ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, რისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი საკუთარი რესურსების დამუშავებაა, იქნება ეს წყალი, ნავთობი თუ გაზი,“ – თქვა ეკონომიკის მინისტრმა.

BM.GE–ს ცნობით, OMV Petrom S.A-სთან გაფორმებული კონტრაქტი გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი 5282 კმ2), 25 წლის ვადით გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენას, დამუშავებას და ხელახალი ინტერპრეტაციას – ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად.