საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ხაზარაძე-ჯაფარიძე წერეთელს რეპუტაციული ზიანი მიადგათ – TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო ეხმიანება სასამართლოს გადაწყვეტილებას ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელის საქმეზე. ორგანიზაციის შეფასებით, საქმის მასალების შესწავლისა და პროცესზე დაკვირვების საფუძველზე, აღნიშნული საქმე ცალსახად არის პოლიტიკურად მოტივირებული და შესაძლოა, ემსახურებოდეს ერთის მხრივ, პოლიტიკური ოპონენტის დასჯასა და დისკრედიტაციას და მეორეს მხრივ, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტის მშენებლობის შეჩერებას.

“საქმეში არსებულ პრობლემებზე საუბრობდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ მოწვეული, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტი, პოლინ დევიდი, რომლის დასკვნა 2020 წლის 14 მაისს გამოქვეყნდა და სასამართლოს წარედგინა. ექსპერტმა დასკვნა საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო აქტების, საქმეში არსებული ფაქტების, პროცესში ჩართულ სუბიქტებთან შეხვედრისა და ფულის გათეთრების საქმეებზე საერთაშორისოდ დადგენილი პრაქტიკის შეფასების საფუძველზე მოამზადა.

დასკვნის მიხედვით, ამ საქმეში: არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და ავთანდილ წერეთელმა ინდივიდუალურად ან ჯგუფურად ფულის გათეთრების დანაშაული ჩაიდინეს;

იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო საქმეში არსებულ ყველა ფაქტს ბრალდების მხარის სასარგებლოდ ცნობს, ეს გარემოებები მაინც ვერ დაადასტურებს ფულის გათეთრების ბრალდებას;
ვინაიდან ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო საქართველოს პროკურატურას ქონების უკანონოდ დაუფლებასთან დაკავშირებული დანაშაულისათვის ბრალდების წარდგენა არ შეუძლია, შეუძლებელია სავარაუდო პრედიკატული (წინმსწრები) დანაშაულის დამტკიცება. ბრალდების წაყენებისათვის საკმარისი მტკიცებულების არსებობის შემთხვევაშიც კი პროკურატურა ახლა ამას ვერ გააკეთებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრედიკატული დანაშაულის არსებობის შესაბამისი სტანდარტით დამტკიცება ამ ეტაპზე შეუძლებელია”,– აცხადებს ორგანიზაცია.

მათივე შეფასებით, ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ გახდა პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელების მომსწრე.

“მიუხედავად იმისა, რომ შედეგად პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს” ლიდერებისა და კრიტიკული მედია არხის „ტვ პირველის” დამფუძვნებლის ოჯახის წევრის თავისუფლების აღკვეთა არ დადგა, სასამართლოს გადაწყვეტილებაში იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივი და მათ მიადგათ სერიოზული რეპუტაციული ზიანი. მხარეთა მიერ განაჩენის გასაჩივრების შემთხვევაში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” გააგრძელებს ამ საქმის მონიტორინგს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში”,– აღნიშნავს საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო.

ლელოს ლიდერებსა და ავთანდილ წერეთელს დღეს ბრალი გადაუკვალიფიცირეს და ფულის გათეთრების ნაცვლად, დამნაშავედ თაღლითობაში ცნეს. მოსამართლემ მათ 7 წელი მიუსაჯა, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობის გამო სასჯელი გაუუქმეს.