საქმის დახურვა უნდათ თვითმკვლელობის მუხლით, არჩევნებს ელოდებოდნენ – თამაზაშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, პროკურატურაში უთხრეს, რომ მისი შვილის საქმეს თვითმკვლელობის მუხლით დახურავენ.

„დახურვა უნდათ, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ჩალითაც აღარ არის დახურული, ქვეყანა აღარ ჰქვია ამას. სტილისტი დაკითხეს და დასკვნა გააკეთეს, თურმე თავი მოუკლავს. ვინ იყო მეგობარი, რომელიც ბოდიშებს უხდიდა, თამუნა ვერ დაგეხმარეო, ვერ დაადგინეს. ექსპერტიზის უაზრო დასკვნებია, თურმე, ბუზს გადააქვს სისხლი ფეხსაცმელზე, ასეთი რაღაც თუ გაგიგიათ?

საქმის დახურვა უნდა თვითმკვლელობის მუხლით, 6 თვე იმას იკვლევდნენ, ჩემმა შვილმა თავი მართლა მოიკლა თუ არა… გაგვესაუბრნენ, რომ ეს საქმე უნდა დავასრულოთო. მინისტრი რომ გამოვიდა პირველ დღეს და თქვა, თვითმკვლელობააო, იგივე გაიმეორეს ახლაც. 6 თვე თურმე, სტილისტების და ქუჩაში გამვლელების დაკითხვას მოუნდნენ, თამუნას მანქანა დაინახეთ თუ არაო და 30 ტომი შეკრიბეს. არჩევნებს ელოდებოდნენ, იმიტომ წელავდნენ, ჯერ არ იციან ვისთან აქვთ საქმე, შეიძლება მაგათთვის ერთი პატარა მოლეკულა ვარ, მაგრამ ზუსტად მოლეკულა ხლიჩავს ატომს. დახურონ, სტარსბურგში გავასაჩივრებ, კერძო დეტექტივის ჩამოყვანაც რომ დამჭირდეს, მათ არაკომპეტენტურობას და არაპროფესიონალიზმს დავამტკიცებ“, – განაცხადა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს საკუთარი მანქანით დაიკარგა, ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.