საშიში სისხლის სამართლის დანაშაულია – კარლ ჰარცელი მელიას შტაბის დაწვის ფაქტზე

საშიში სისხლის სამართლის დანაშაულია – ასე აფასებს  საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი,  გლდანში, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას შტაბის დაწვის ფაქტს.

”გლდანში საარჩევნო შტაბის დაწვა საშიში სისხლის სამართლის დანაშაულია. დაწყებულია გამოძიება და მოვუწოდებ ყველა საჭირო რესურსის მობილიზებისკენ სწრაფი და სანდო გამოძიების უზრუნველსაყოფად. იმედი მაქვს და მჯერა, რომ დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან,” – აცხადებს კარლ ჰარცელი.

ცნობისთვის, გლდანის მესამე მიკრო რაიონში „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანი-ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი დარბიეს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, გლდანში მესამე მიკრორაიონში გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი შტაბი კობიაშვილ-კალაძესთან ძალიან ახლო ურთიერთობაში მყოფი, “კანონიერი ქურდის” ნოდარ შუკაკიძის დავალებით გადაწვეს.