სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიისთვის მიმართვა შეცდომა იყო და ეკლესიამ გასცა ის პასუხი – ვატო სურგულაძე

” სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიისთვის მიმართვა შეცდომა იყო და ეკლესიამ გასცა ის პასუხი “- – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, „ლელოს“ წევრმა ვატო სურგულაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის დეკანოზის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას, რომ ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებით.

„ეკლესიის საქმე არ არის ეს და ჯანდაცვის ხელმძღვანელების მიერ გუშინდელი მიმართვა, რომ ეკლესია დაგვეხმაროსო, ჩემი აზრით, აბსოლუტურად გაუმართლებელი მომენტი იყო. ეს ეკლესიის რა საქმეა?! ეს არის სახელმწიფოს საქმე. იანვარში უნდა დაეწყო სახელმწიფოს აქტიური პროპაგანდა და საინფორმაციო კამპანია, ყველა დავეხმარებით. ეკლესიის საქმე არ არის ვაქცინის პროპაგანდა. გუშინდელი მიმართვა არანაირად არ იყო საჭირო, არ გამოვრიცხავ, რომ ამით შეიძლება გაცილებით უარესი შედეგი მიიღონ. ყველამ თავის საქმე აკეთოს: ეკლესიამ თავისი საქმე აკეთოს, მინისტრმა თავისი საქმე აკეთოს და ა.შ. სახელმწიფოს მხრიდან მიმართვა იყო შეცდომა და ეკლესიამ გასცა ის პასუხი რაც უნდა გაეცა – არ არის ვაქცინაციის პროპაგანდა მათი საქმე, ეს არ არის სასულიერო პირების ფუნქცია.მე ვფიქრობ, რომ ეს გამოიწვევს უფრო ნეგატიურ გავლენას ვიდრე დადებითს – ეს არის ჩემი მოსაზრება. სულ არ იყო საჭირო ეკლესიას რაიმე კომენტარი გააკეთებინა ვაქცინაციის პროცესზე, არ არის ამის საჭიროება, სხვა გზები და სხვა მეთოდები არსებობს, რომ ვაქცინისადმი უნდობლობა დაყვანილი იყოს მინიმუმამდე“, – განაცხადა ვატო სურგულაძემ.