“სახიფათოა ის განცდა, რომ უკვე მოგებული გვაქვს არჩევნები და ამიტომ უკვე დაიწყო შიდა დაპირისპირება“–ნოდარ ხარშილაძე ოპოზიციაზე

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელი, ექსპერტი  ნოდარ ხარშილაძე ოპოზიციის ბოლოდროინდელ ურთიერთობებზე წერს და ამბობს, რომ მათ ქმედებებში რაციონალიზმი ნაკლებადაა.
“ჩვენი ორგანიზაცია წარმატებულად თანამშრომლობს პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან, გვქონდა კონსულტაციები ევროპულ საქართველოსთან, სტრატეგია აღმაშენებელთან, ლელოსთან, გირჩთან, გამარჯვებულ საქართველოსთან, რესპუბლიკურ პარტიასთან.
რასაც ახლა ვუყურებთ, ოპოზიციაში აშკარად იკვეთება სამოქალაქო ომის ნიშნები, რაც ძალიან სამწუხარო და არასწორია. პირველ რიგში, სახიფათოა ის განცდა, რომ უკვე მოგებული გვაქვს არჩევნები და ამიტომ უკვე დაიწყო შიდა დაპირისპირება. ერთმანეთთან ბროლა არის სრული ნონსენსი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან ქართული ოცნების შანსები არ ჩანს ცუდად და ასე თუ გააგრძელა ოპოზიციამ კიდევ უფრო დაასხამს მის წისქვილზე წყალს. ყველაზე დიდი ძალა ოპოზიციაში, გამოცდილი და დიდი მხარდაჭერის მქონე არის ნაც მოძრაობა, რომელიც წესით ოპოზიციის ფლაგმანი უნდა იყოს და უნდა ცდილობდეს მის კონსოლიდაციას, რაც კარგი წინაპირობა იქნებოდა ხელისუფლების შეცვლისათვის. სამწუხაროდ, დღეს ამ პროცესს ვერ ვხედავთ პირიქით, ვიღაცის ჯინაზე რაღაცის კეთებას უფრო ვხედავთ. რაციონალურის ნაცვლად ემოციური ფაქტორი უფრო გამოვიდა წინ.
კარგი მაგალითია გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ აგორებული კამპანია და ამაზე დახარჯული რესურსი. თუ ის მართლა მხოლოდ 2%იანი ოპოზიციური ძალაა მაშინ იყოს, რა პრობლემაა. თუ მას მზარდი პოლიტიკური პოზიციები აქვს და ციფრები ამას აჩვენებს, მაშინ კიდევ უფრო უკეთესი. ის ხმებს დაამატებს მთლიან ოპოზიციურ ყულაბაში. პირადი ვენდეტის გამო მთელი კამპანიის ორგანიზება როგორც მინიმუმ კონტროროდუქტიულია. იგივე ეხება სხვა პარტიებთან ურთიერთობებს, შედეგად ზარალდება პროცესი.
ჩვენი ორგანიზაცია მხარს უჭერს და აგრძელებს თანამშრომლობას პროდასავლურ ოპოზიციასთან, ჩვენ გავმართეთ და ვაპირებთ შეხვედრებს, ვაგრძელებთ და ვეცდებით ყველანაირი დახმარება აღმოვუჩინოთ მათ საქართველოში პოზიტიური ცვლილებების მოსატანად. ჩვენი სურვილია ვიხილოთ ნაკლები კინკილაობა და მეტი თანამშრომლობა, რაც უფრო რეალურს გახდიდა ოქტომბრის ბოლოს პროდასავლური ძალების გამარჯვებას.“– ამბობს ექსპერტი.