საჯაროდ უწმენდენ კაბინას, გვყავს ადამიანი, რომლის ჯანმრთელობასაც უფრო წინ აყენებენ ვიდრე სხვა ყველა მოქალაქის – ბოკერია ივანიშვილზე

“ყველას გვაჩვენეს, სხვა ხალხი რომ მიდის იმათი სიცოცხლე ფეხებზე ჰკიდია სისტემას და ივანიშვილს უფრთხილდებიან და საჯაროდ უწმენდენ საარჩევნო ყუთს”,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

“ჩვენ ვნახეთ, როცა ის მივიდა ამ ვითომ არჩევნების პროცესზე ხმის მისაცემად, თუ როგორ გაწმინდეს და დეზინფექცია გაუკეთეს მისთვის საარჩევნო ყუთს. ეს არის ყველაზე უფრო სამარცხვინო და შეურაცხმყოფელი რამ ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენ გვყავს ადამიანი, რომელიც კანონზე მაღლა დგას, ყველაფერზე მაღლა დგას, რომლის ჯანმრთელობასაც აყენებენ უფრო წინ ვიდრე სხვა ყველა მოქალაქის ჯანმრთელობას და უფლებებს. ეს ხდება საჯაროდ, უტიფრად. არც დაუმალიათ, გვაჩვენეს, რომ ეს ასეა. ცოტა ხნის წინ აქციაზე ორუელის “ცხოველების ფერმა” მიიტანეს და იქ ამის მსგავსი კონტექსტი იყო, როცა საფეხბურთო მატჩზე გულშემატკივრები არა თუ არ შეუშვეს, არამედ გარეთ დააჯარიმეს, როცა ივანიშვილის „კლოუნებს“ შორის გამორჩეული სამარცხვინო „კლოუნი“ კობახიძე იყო ამ მატჩზე. ეს არის ამ ამბის გაგრძელება, როცა პირდაპირ გვეუბნებიან, რომ სხვების უფლებებს, ჯანმრთელობას, ინტერესებს ფასი არ აქვს. ეს არის შეხსენება, როგორ სახიფათო ზღვარზეა მისული ვითარება ივანიშვილის გამო. ეს არის შეხსენება, როგორი ეროვნული და სასიცოცხლო ინტერესია, რომ ეს კაცი ძალაუფლებას ჩამოვაშოროთ და არასდროს არ დავუშვათ, ვინმე ასე ექცეოდეს ჩვენს საზოგადოებას”,- განაცხადა ბოკერიამ.