საჯარო რეესტრმა ალტ-ინფოს პარტიის რეგისტრაცია შეაჩერა – ხარვეზების აღმოსაფხვრელად 10 დღე მისცა

საჯარო რეესტრმა პუტინისტური, ძალადობრივი, და ჰომოფობიური დაჯგუფების  ალტ-ინფოს პარტიის რეგისტრაცია დროებით შეაჩერა – ხარვეზების აღმოსაფხვრელად მათ 10 დღე მისცა.

როგორც საჯარო რეესტრის დოკუმენტში წერია, პარტიის რეგისტრაცია შემდეგი მიზეზების გამო შეჩერდა:

ყრილობის ოქმის მიხედვით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების გენერალურ მდივნად (ხელმძღვანელ პირად) არჩეულ იქნა გიორგი ქარდავა, რომელიც ხელს არ აწერს წარმოდგენილ განცხადებას.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ყრილობის მიერ დამტკიცებული წესდების 22.2 მუხლის მიხედვით, წესდება ძალაში შედის დამფუძნებელი ყრილობის ყველა წევრის მიერ ხელმოწერის მომენტიდან, თუმცა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი წესდება ხელმოწერილია მხოლოდ ყრილობის თავმჯდომარის მიერ.

პარტიის რეგისტრაციისათვის, პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში, სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს პარტიის არანაკლებ 1000 წევრის სია, სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პირადობის მოწმობის ნომრის, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის მისამართის, ტელეფონის ნომრის მითითებითა და მათი ხელმოწერებით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წევრთა სია კი არ შეიცავს ინფორმაციას მათი პირადობის მოწმობის ნომრების შესახებ.

წესდებაში უნდა აღინიშნოს პარტიის სახელწოდება, აგრეთვე მისი შემოკლებული დასახელება, თუ ასეთი გამოიყენება, თუმცა სარეგისტრაციოდ წარდგენილ წესდებასა და თანდართულ დოკუმენტებში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების სახელწოდება მითითებულია არაერთგვაროვნად.

სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ემბლემის ესკიზი არ შეესაბამება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდებით განსაზღვრულ აღწერილობას.

სარეგისტრაციოდ წარდგენილი წესდებით პარტიის ყრილობა არ არის განსაზღვრული ხელმძღვანელ ორგანოდ. ასევე, სარევიზიო კომისია არ მოიხსენიება ერთგვაროვნად წესდების 6.4, 6.6, 6.7, 12.1.6 მუხლებში.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდების 10.3 მუხლი პარტიის პოლიტიკური საბჭოს, სარევიზიო კომისიისა და პარტიის თავმჯდომარის არჩევის ნაცვლად ითვალისწინებს დანიშვნას.

წესდებაში უნდა აღინიშნოს პარტიის ქონების შექმნის წყაროები და მისი გამოყენების წესი, თუმცა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდება პარტიის ქონების გამოყენების წესს არ ითვალისწინებს.

წესდების 16.3. და 17.5. მუხლები ურთიერთშეუსაბამოა.