სემეკმა “თელასი” “დაუმორჩილებლობის გამო” 50 ათასი ლარით დააჯარიმა

სემეკმა “თელასი” სალიცენზიო პირობების დარღვევისა და დაუმორჩილებლობის გამო 50 ათასი ლარით დააჯარიმა.  ამის შესახებ ინფორმაციას, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

”27 იანვრის საჯარო სხდომაზე კომისიამ სს „თელასი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ათასი ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება კომპანიის მიერ სემეკის გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობას.

კერძოდ, მომხმარებლის მომართვის საფუძველზე, სემეკმა სს „თელასს“ დაავალა აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. თუმცა, კომპანიამ არ შეასრულა სემეკის მოთხოვნა. სს „თელასს“ განემარტა, რომ დარღვევის განმეორების შემთხვევაში სემეკი უფლებამოსილია იმსჯელოს კომპანიისთვის გაორმაგებული ჯარიმის დაკისრებაზე”, – წერია განცხადებაში.