სენატში ოპოზიციას გაულაწუნეს და ყურები დაახიეს – ზარქუა

“ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ სენატში საქართველოსთან დაკავშირებით დებატებისას ოპოზიციას “გაულაწუნეს და ყურები დაახიეს”.

მისი შეფასებით, სენატორებისგან იმის ხაზგასმა, რომ პარლამენტს გარეთ “ქაოსი და დესტაბილიზაცია” რუსეთის ინტერესებშია, ოპოზიციისთვის ყურის აწევაზე მეტია.

“მოლოდინები ჰქონდათ ოპოზიციის წევრებს, რომ ახლა დაიწყება სენატში დებატები, სადაც მმართველ პარტიას ყურს აუწევენ. სინამდვილეში გუშინ მნიშვნელოვანი მესიჯები გაკეთდა. ის, რომ 2012 წლიდან მოყოლებული “ქართულ ოცნებას” არასდროს გადაუხვევია ევროატლანტიკური კურსიდან და რეფორმებით კიდევ უფრო ახლოს არის ნატოსთან და ევროკავშირთან.

მეორე მესიჯი და ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმის ხაზგასმა სენატორებისგან, რომ საქართველოში პარლამენტს გარეთ არსებული ქაოსი, დესტაბილიზაცია და რევოლუციური სცენარი რუსეთის ინტერესებშია და ამით არა მხოლოდ ყური აუწიეს ოპოზიციას, არამედ გაულაწუნეს და ყურები დაახიეს კიდეც. ეს ყველამ უნდა გაითავისოს. მესამე მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, რომ საქართველოს პოლიტიკური პატიმრები არ ჰყავს”, —  განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოს მდგომარეობის შესახებ მოსმენაზე სენატორმა ჯიმ რიშმა განაცხადა, რომ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას” აკისრია. მისივე თქმით, მედიაზე, მართლმსაჯულებასა და პოლიტიკურ ცხოვრებაზე ოლიგარქიული გავლენა იზრდება.

ჯინ შაჰინმა აღნიშნა, რომ ყოველი დღე, როდესაც ოპოზიციონერები ციხეში არიან და საქართველოს პარლამენტის ადგილები ცარიელია, რუსეთის გამარჯვებაა.