სიმწრის ოფლი ასხამს, 2 დღეში დაკარგავს სიკეთეებს, რაც ხალხის ხარჯზე მოიპოვა – ელისაშვილი კობახიძეზე

სიმწრის ოფლი ასხამს, 2 დღეში დაკარგავს სიკეთეებს, რაც ხალხის ხარჯზე მოიპოვა – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

„ეს აპოკალიფსი გასაგებია, ირაკლი კობახიძე ნერვიულობს. 2 დღეში შეიძლება დაკარგოს ის სიკეთეები, რაც ხალხის ხარჯზე მოიპოვა. 8 წლის განმავლობაში, რომ ჯიპებით დასეირნობდა და ხალხის ფულით საზღვარგარეთ დასეირნობდა, სრა-სასახლეები აიწყეს, უზარმაზარი აგარაკები. სიმწრის ოფლი ასხამს კობახიძეს და რას ლაპარაკობს, რას მიედ-მოედება, 60-75%-ს ავიღებო, კარგი რა, მადაგასკარზე ხომ არ ვცხოვრობთ, მეც ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და მათგან განსხვავებით, მართლა ხალხს ვხვდები, მათი რეალური განწყობა ვიცი, რომ არის, როგორც ჩახმახი არის ხოლმე თოფზე შეყენებული, ისე არის ჩახმახივით ხალხი, ერთი სული აქვთ, რომ დროზე მოვიდეს 31 ოქტომბერი, რომ შეცვალონ ხელისუფლება. ამას ნერვიულობს ირაკლი კობახიძე“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„სისულელეა, რას ჰქვია იგეგმება, რას აკეთებენ მერე იმისთვის, რომ არ მოხდეს. ხელისუფლება იმის ხელისუფლებაა და კიდევ ორი დღე იქნებიან ხელისუფლებაში, რომ არ მოხდეს და არ დაუშვან ასეთი რამ. თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომელ ხელისუფლებაზე ვლაპარაკობთ, ეს არის სრული ბოდვა. იგეგმება რას ნიშნავს? – სხვა ქვეყანაში იგეგმება და მათი კომპეტენცია ვერ წვდება? ხელისუფლებას აქვს დანაშაულის პრევენციის ვალდებულება, მაგრამ რომელ ხელისუფლებაზე ვლაპარაკობთ? ერთმა ავტომატიანმა კაცმა რომ მთელი სახელმწიფო შეარცხვინა, იმაზე ხომ არა? თუ იმ ხელისუფლებაში გამგეობა რომ ააფეთქეს და ბანკომატი გაძარცვეს? ამ ხელისუფლებაზე ვლაპარაკობთ – ბოთეების ხელისუფლებაზე. რაც არ უნდა ცუდი სიზმრები ნახოს ირაკლი კობახიძე და მერე ეს მოგვყიდოს, როგორც აპოკალიფსი, მე არც ბიულეტინების მოპარვას ვაპირებ და არც კოვიდის წესების დარღვევას, თუ ვინმე აპირებს აღკვეთონ ეს, მაგრამ ხელისუფლებას უნდა მაქსიმალურად ხალხი შეაშინოს, რომ არიქა, არმაგედონი დაიწყება, მეორედ მოსვლა და წარღვნა 1-ელი ნოემბრის მერე“, – აცხადებს ელისაშვილი.