“სირცხვილია მერის შტაბს რძე სდიოდეს სიმდიდრისგან, ქალაქი კი ნაგავში იხრჩობოდეს“–გიგი უგულავა

თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას თბილსერვისის თანამშრომლების გაფიცვამ მეეზოვის დღე გაახსენა, რომელიც მისი მერობის დროს აღინიშნებოდა. უგულავამ ფეისბუქზე ვიდეო გააზიარა და დაწერა:

“ასე იწყებოდა ეს საქმე. მგონი აქ 2011 წელია. გაივლის წლები და აქ რაზეც ვლაპარაკობ, ბუნკერების დაკეტვის გამო დამატებით ხალხის აყვანა, ბრალად წარმედგინება. აქ მყოფი რამდენიმე პირი ციხის შიშით ჩვენებას დაწერს. ეგ არაფერია. მთავარია მაშინ ჩვენ შევძელით და ნაგავთან ერთად გავაქრეთ ვირთხები და ტარაკნები. არ დაგიმალავთ და ყველაზე მეტად დასუფთავება მიმაჩნდა მთავარ საქმედ და მიღწევად- სისუფთავეზე ბავშვობიდან პათოლოგია მჭირს- მაგრად გავმწარდი და თანაც მეცინებოდა რომ დასუფთავების გამო მასამართლებდა ივანიშვილი.
დღეს კი მოქმედ მერს ვეტყოდი გაზარდე ხელფასები. მესმის, შემდეგი ტრანსპორტი იქნება, მერე ბაღები. გაზარდეთ ხელფასები-პანდემიამ და ლარის გაუფასურებამ ეს გარდაუვალი გახადა. თუ ნებით არ გაზრდით, ძალით მოგიწევთ. სირცხვილია მერის შტაბს რძე სდიოდეს სიმდიდრისგან, ქალაქი კი ნაგავში იხრჩობოდეს ამ სიცხეში
პ.ს. იმის მიუხედავად ვინ სადაა დღეს, მადლობა ყველას, ვინც ამ დიდ და ისტორიულ საქმეში მიიღო მონაწილეობა“– წერს უგულავა.

შეგახსენებთ, რომ “თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლებმა გაფიცვა შაბათს შეწყვიტეს. პროფკავშირების ინფორმაციით, მათი  მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მათ ხელფასი პირველი იანვრიდან გაეზრდებათ, თუმცა მოხდება თუ არა ხელფასის გაზრდა 50%-ით, რასაც გაფიცული თანამშრომლები ითხოვნდნენ, ეს ჯერჯერობით უცნობია.

როგორც პროფკავშირების წარმომადგენელმა “თბილსერვის ჯგუფთან ” და თბილისის მერიის წარმომადგენლთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ის 7 პუნქტიანი განცხადება, რომელიც მათ წარადგინეს, დაკმაყოფილდა. პროფკავშირების წარმომადგენლის თქმით, 7-დან 6 პუნქტი, რომელიც კონკრეტულ მოთხოვნებზე კონკრეტული თარიღების მითითებას ითვალიწინებდა, 15 დღეში დაკმაყოფილდება, ხოლო მე-7 პუნქტი – ხელფასის გაზრდა კი, პირველი იანვრიდან მოხდება.

ამ გადაწყვეტილებას დასაუფთავების სამსახურის თანამშრომლები ტაშით შეხვდნენ .